თბილისში ისრაელის მოქალაქის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობით, სამართალდამცველებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში 2 პირი: 1997 წელს დაბადებული მ.ზ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, ისრაელის მოქალაქეს, 1948 წელს დაბადებულ ჯ. ჰ. კ.-ს თბილისში, ამაღლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

სამართალდამცავებმა აღნიშნული პირები რამდენიმე საათში დააკავეს. როგორც შსს აცხადებს, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.