ახალი ამბებისაზოგადოება

კილაძე: მოვუწოდებ, „ნიკორაში“ შრომის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს ყურადღება მიაქციონ

6 ივლისი, 2018 • 2720
კილაძე: მოვუწოდებ, „ნიკორაში“ შრომის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს ყურადღება მიაქციონ

“მოვუწოდებ უფლებამოსილ სტრუქტურებს, რომ „ნიკორაში“ შრომის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს შესაბამისი ყურადღება მიაქციონ”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა სოფიო კილაძემ 6 ივლისს. 

“ნიკორას” რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში კომპანია დაადანაშაულა მათი შრომითი უფლებების დარღვევაში.  მათი თქმით, დასაქმებულებს იმ პროდუქციის შეძენა უწევთ, რომელიც ვადაგასულია. გარდა ამისა, თანამშრომლებს ასევე ეკისრებათ იმ მოვალეობების შესრულება, რომლებიც კონტრაქტით განსაზღვრული არ აქვთ.

ნეტგაზეთს “ნიკორაში” უთხრეს, რომ თანამშრომელს მხოლოდ იმ პროდუქციის შესყიდვა უწევს, რომელიც ვადაგასულია და ჯერ კიდევ დახლზე დევს. მათი თქმით, თუ ძველი პროდუქცია დახლზე დარჩება, ეს თანამშრომლის პასუხისმგებლობაა. როგორც ნიკორაში განმარტეს, ამის შესახებ  ჩანაწერი არათუ თანამშრომლების კონტრაქტში, არამედ შიდა ადმინისტრაციულ აქტშიც არსებობს. სხვა კითხვებზე, კერძოდ კი, ზეგანაკვეთურ შრომაზე და კონტრაქტით გაუთვალისწინებელი მოვალეობების შესრულებაზე კი “ნიკორაში” არ გვიპასუხეს.

“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ნიკორას“ თანამშრომლები შრომის უფლებების დარღვევაზე საჯაროდ პროტესტს აფიქსირებენ.

ვფიქრობ, არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებმა, არამედ კერძო კომპანიებმა და, მით უმეტეს, ისეთმა წარმატებულებმა ქართულ ბაზარზე, როგორიც „ნიკორაა“, თანამშრომლების უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი უნდა უჩვენონ ჩვენს საზოგადოებას”, – აცხადებს სოფო კილაძე. 

“კმაყოფილი, მოტივირებული თანამშრომელი საწინდარია ბიზნესის წარმატების. ეს გამოცდილება არსებობს განვითარებულ დასავლეთში, რაც უამრავჯერ პრაქტიკით არის დადასტურებული. მონობის ადგილი არ არის თანამედროვე საქართველოში.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია „ნიკორას“ თანამშრომლებთან და მაქსიმალურად დავუდგებით მათ გვერდით შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმაში”, – წერს კილაძე თავის ფეისბუკის გვერდზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი