ახალი ამბები

პრეზიდენტი უსუფაშვილთან შეხვედრას ნატოს სამიტის შემდეგ გეგმავს

6 ივლისი, 2018 • 1366
პრეზიდენტი უსუფაშვილთან შეხვედრას ნატოს სამიტის შემდეგ გეგმავს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა დავით უსუფაშვილს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა წერილით მიმართა და “შენების მოძრაობის” ლიდერთან შეხვედრას ნატოს სამიტის შემდეგ გეგმავს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა 6 ივლისს, უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, გუშინ, გვიან ღამით გაეცნო უსუფაშვილის წერილს და ძირითად სულისკვეთებას იზიარიებს ვითარების შეფასების ნაწილში.

“ეს ერთი ნაწილია წერილის, შემდეგი არის კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერები. ამის თაობაზე მე ბატონ დავითს გუშინ ტელფონითაც ვესაუბრე, ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს სამიტის შემდეგ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით 5 ივლისს მიმართა და თანამშრომლობა შესთავაზა:

“…მე ამ მიდგომით და ხედვით გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამავე მიდგომებს და ხედვებს დაექვემდებარება ჩემი შემდგომი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის, სხვა კანდიდატისთვის შესაძლო მხარდაჭერის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის თაობაზე.

მოგმართავ, განიხილო შენი მონაწილეობა ამ გეგმის დახვეწაშიც და შესრულებაშიც. თუ მზად ხარ, იყო ესოდენ საჭირო ახალი პოლიტიკური პროექტის თანაინიციატორი და შენი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები ამ ურთულესი საქმის ინტერესებს დაუქვემდებარო, ნატო-ს სამიტის შემდეგ მალევე ვისაუბროთ, მათ შორის, ამ საქმეში შენს დღევანდელ თუ ხვალინდელ როლზე”, – ნათქვამია უსუფაშვილის წერილში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი