უშიშროების საბჭოს სხდომა ნატოს სამიტისთვის მზადებას მიეძღვნა

ნატო სამიტისთვის მზადების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომასდაესწრნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები,  პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  უფროსი, გენერალმაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკანიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობის მნიშვნელობას სამიტის მაღალი დონის შეხვედრებში.

“ეს არის პირველი შემთხვევა ნატოს და საქართველოს ურთიერთობაში, როცა საქართველო აღნიშნულ ფორმატებს ესწრება და ამავე დროს ამ შეხვედრას დაესწრება ნატოს წევრი ყველა ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთხელ იმის აღნიშვნა, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე.  ამავე დროს პირველად იქნება, რომ საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კოორდინირებულად მუშაობდნენ ყველა უწყებასთან, რათა ნატოს სამიტთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები მიღწეულიყო:

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს,  რომ ჩვენი მოლოდინი იყო, საქართველო ყოფილიყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი ფორმატებში. ამ მიმართულებით შედეგი დამდგარია”.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრებზე მივაღწევთ საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ, ნატოში გაწევრიანების გზაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი