ახალი ამბები

„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

6 ივლისი, 2018 • 2682
„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველმა პარტიამ დაასახელა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი. ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნება“ ქვეყნის პრეზიდენტს სთავაზობს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტის წევრმა ილია ნაკაშიძემ განაცხადა.

„პოლიტსაბჭოს სხდომაზე რამდენიმე კანდიდატურა განვიხილეთ, ხუთზე მეტი კანდიდატი იყო წარმოდგენილი და შევჯერდით თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე. მიუხედავად მისი ასაკისა, მას ძალიან სერიოზული გამოცდილება აქვს მიღებული, კარგად იცნობს ჩვენს კოლეგებს თბილისში და კარგად ერკვევა რეგიონულ პრობლემებში“, – აღნიშნა ილია ნაკაშიძემ.

კითხვაზე, ვინ იყვნენ დანარჩენი კანდიდატები, ილია ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საუბარი იყო მამუკა ვასაძის, რესან ქიქავასა და კიდევ რამდენიმე კანდიდატზე საქართველოს პარლამენტიდან.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი, ვისი კანდიდატურა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან მომდევნო კვირაში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართავს. მისივე თქმით, პრეზიდენტი ბათუმში აპირებს ჩამოსვლას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან 4 ივლისს გადადგა. ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის – გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო. პატარაძე თანამდებობიდან მას შემდეგ წავიდა, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი კვირიკაშვილმა დატოვა და პრემიერი მამუკა ბახტაძე გახდა.


ვინ არის თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი „ოცნებიდან“

მასალების გადაბეჭდვის წესი