შსს: ავარია, რომელსაც 3 კაცი ემსხვერპლა, მიკროავტობუსის ნასვამმა მძღოლმა გამოიწვია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 6 ივლისს, თბილისში მომხდარ ავარიაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა.

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა  დავით აღმაშენებლის ხეივანში დაკავებული მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია. ალკოტესტით შემოწმებისას კი მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. ამჟამად დაკავებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში, სამართალდამცავების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული მუხლი 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დ.თ. გამოავლინეს და დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. ამჟამად დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღმაშენებლის ხეივანში, ავტოგასამართ სადგურ “ვისოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, 3 პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან