ახალი ამბები

“ნიკორა” თანამშრომლებს თაროზე განთავსებული ვადაგასული პროდუქციის შეძენას ავალდებულებს

6 ივლისი, 2018 • 5886
“ნიკორა” თანამშრომლებს თაროზე განთავსებული ვადაგასული პროდუქციის შეძენას ავალდებულებს

“ნიკორას” რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი კომპანიას ადანაშაულებს მათი შრომითი უფლებების დარღვევაში. დასაქმებულების თქმით, იმ პროდუქციის შეძენა უწევთ, რომელიც ვადაგასულია. გარდა ამისა, თანამშრომლებს ასევე ეკისრებათ იმ მოვალეობების შესრულება, რომლებიც კონტრაქტით განსაზღვრული არ აქვთ. რაც შეეხება ზეგანაკვეთურ შრომას, ეს შრომითი ხელშეკრულებით ევალებათ. ამ პრობლემის შესახებ სიუჟეტი “იმედის დილაში” გავიდა.

აღნიშნულ ბრალდებებზე საუბრისას “იმედის” ჟურნალისტებთან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე ამბობს, რომ თანამშრომლებს ვადაგასული პროდუქციის შესყიდვა მართლაც უწევთ.

„ჩვენ ვაკისრებთ თანამშრომელს იმ პროდუქციის შეძენას, რომელიც დევს თაროზე და არის ვადაგასული. ის საქონელი, რომელიც  იხსნება თაროდან და მიდის საწყობში, მაგაზე თანამშრომელს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ჩვენი თანამშრომლები არიან სრულიად, მატერიალურად პასუხისგებელი აბსოლუტურუად ყველანაირ დანაკარგზე, დანაკარგების დიდ ნაწილს კომპანია იღებს თავის თავზე”, – ამბობს დავით ურუშაძე.

თუმცა, მისივე თქმით,  გარდა ხელფასისა, თანამშრომლები სარგებლობენ ბონუსების სისტემით და დაქვითვის შემთხვევაშიც კი არ იღებენ იმაზე ნაკლებ ხელფასს, ვიდრე ეს კონტრაქტით აქვთ გათვალისწინებული.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ნიკორას” , სადაც გვითხრეს, რომ თანამშრომელს მხოლოდ იმ პროდუქციის შესყიდვა უწევს, რომელიც ვადაგასულია და ჯერ კიდევ დახლზე დევს. მათი თქმით, თუ ძველი პროდუქცია დახლზე დარჩება, ეს თანამშრომლის პასუხისმგებლობაა. როგორც ნიკორაში განმარტეს, ამის შესახებ  ჩანაწერი არათუ თანამშრომლების კონტრაქტში, არამედ შიდა ადმინისტრაციულ აქტშიც არსებობს. თუმცა სამსახურში მიღებისთანავე თანამშრომლებს აღნიშნულის შესახებ ეუბნებიან.

სხვა კითხვებზე, კერძოდ კი, ზეგანაკვეთურ შრომაზე და კონტრაქტით გაუთვალისწინებელი მოვალეობების შესრულებაზე, ნიკორაში არ გვიპასუხეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი