ახალი ამბები

გასაბერი გვირაბი – ილონ მასკის გეგმა ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოსახსნელად

6 ივლისი, 2018 • 16926
გასაბერი გვირაბი – ილონ მასკის გეგმა ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოსახსნელად

ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი ტაილანდის ხელისუფლებას სთავაზობს გამოსავალს, რომლითაც შესაძლოა მოხერხდეს წყლით სავსე მღვიმეში ჩარჩენილი 12 არასრულწლოვნისა და მათი 25 წლის მწვრთნელის გადარჩენა.

“შესაძლოა, ცდა ღირდეს: ერთი მეტრის დიამეტრის ნეილონის მილი გავიყვანოთ მღვიმეში და გავბეროთ როგორც მოძრავი ციხე-სიმაგრე. ამგვარად, მღვიმეში წყლის ქვეშ უნდა წარმოიქმნას ჰაერის გვირაბი, რომელიც გაიმეორებს მღვიმის ფორმას ისე, როგორც ნახვრეტი” – წერს ილონ მასკი ტვიტერზე.

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი  ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გამოქვაბულში შესვლის დროს ტერიტორია სრულად მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა გამოქვაბულის უმეტესი ნაწილი დაფარა. ჯგუფი 4 კილომეტრის სიღრმეში იმყოფება.

დაკარგულები გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა იპოვა. ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია.

BBC-ის ცნობით, ბავშვების უმეტესობამ ცურვა არ იცის. ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამოქვაბულის სირთულიდან გამომდინარე, მის დასატოვებლად ბავშვებმა ან ყვინთვა უნდა ისწავლონ, ან წყლის დონის ბუნებრივ დაწევას დაელოდონ, რაც 4 თვეში მოხდება, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მოსალოდნელია ნალექის დონის მომატება, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ წყლით დაუფარავი სივრცე, საიდანაც ბავშვები ჰაერს იღებენ, წყლით შეივსოს.

ტაილანდის ხელისუფლება წყლის არსებული დონის შესანარჩუნებლად მის ამოტუმბვას ცდილობს, გაყვანილია სატელეფონო ხაზებიც, რათა ბავშვებს ოჯახის წევრებთან საუბარი შეეძლოთ. ბავშვების სამაშველო ოპერაციას უკვე ემსხვერპლა ერთი მყვინთავი. ის იმ დროს დაიღუპა, როცა მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების მიწოდების შემდეგ უკან, გამოსასვლელისკენ ბრუნდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი