რუსეთში კრეისერ “ავრორაზე” მართლმადიდებლური ტაძარი გახსნეს

კრეისერ “ავრორაზე”, რომელიც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის დროს “ზამთრის სასახლის” შტურმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, მართლმადიდებლური ტაძარი გახსნეს. ამის შესახებ გამოცემა RIA წერს.

გამოცემის ცნობით, ტაძარი კრეისერზე ადრეც იყო. ის არქივში შენახული ფოტოებითა და ესკიზების მიხედვით აღადგინეს კრეისერის ცენტრალურ ნაწილში. რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, შაბათ-კვირას და დღესასწაულების დროს, როგორც სხვა ტაძრებში, წირვები “ავრორაზეც” ჩატარდება.

1922 წელს ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირი პირველი ათეისტური სახელმწიფო იყო, სადაც რელიგია “ბურჟუაზიული წარსულის” გადმონაშთად ითვლებოდა. ამ კუთხით გადადგმული ერთ-ერთ პირველი ნაბიჯი იყო 1918 წელს სასულიერო პირების სამხედრო ძალებისგან გათავისუფლება. მათი ფუნქცია, კერძოდ, ჯარისკაცების მორალური მხნეობის შენარჩუნება, კომისრებმა გადაიბარეს.

პირველი რანგის კრეისერი “ავრორა” სწორედ 1917 წლის რევოლუციის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის სანქტ პეტერბურგში 1903 წელს ააშენეს. მან მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის, პირველ მსოფლიო, რუსეთის სამოქალაქო და მეორე მსოფლიო ომებში.

ამჟამად “ავრორა” სანქტ პეტერბურგში, პეტროგრადის სანაპიროსთან, მის “მუდმივ სადგომში” დგას და მხოლოდ სამუზეუმო ფუნქცია აკისრია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან