ახალი ამბები

2017 წელს სამინისტროების გაერთიანებით ხარჯები არ შემცირებულა – IDFI

5 ივლისი, 2018 • 1776
2017 წელს სამინისტროების გაერთიანებით ხარჯები არ შემცირებულა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ 2017 წელს სამინისტროებისა გაუქმებასა და გაერთიანებას ბიუროკრატიული ხარჯები არ შეუმცირებია.

ორგანიზაციამ სახელმწიფო ბიუჯეტის საწყისი 5 თვის შესრულება გააანალიზა, რომელიც ამბობს, რომ არათუ ხარჯები არ შემცირებულა, ზოგიერთი უწყების შემთხვევაში, ბიუროკრატიულმა ხარჯებმა 2017 წელთან შედარებით პირიქით მოიმატა.

ანალიზი ეხება  ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რეფორმას, როდესაც 2017 წლის დეკემბერში რამდენიმე უწყება გაუქმდა ან სხვა უწყებას შეუერთდა და საბოლოოდ სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამინისტროების რეორგანიზაციის პროცესი წინასწარი გათვლების გარეშე წარიმართა.

“სამინისტროების გაერთიანების ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში ადგილი ჰქონდა უწყებების ფუნქციურ გაერთიანებას, რასაც ბიუროკრატიის ოპტიმიზაციასთან კავშირი არ ჰქონია”,- აცხადებს IDFI.

ანალიზის მიგნებები:

[checklist]

  • 2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, იმ სამინისტროებში, რომლებსაც 2017 წლის დეკემბერში შეეხოთ სტრუქტურული ცვლილებები, შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე იქნა შენარჩუნებული, ხოლო საქონელი და მომსახურების ხარჯები დაახლოებით 15 მილიონი ლარით გაიზარდა;
  • სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ცენტრალური აპარატების გარკვეულწილად შემცირებულმა საშტატო რიცხოვნობამ არ განაპირობა სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება. მაგალითად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ცენტრალური აპარატების საერთო საშტატო რიცხოვნობა 35 ერთეულით შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე შენარჩუნდა;
  • 2018 წლის 5 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქონელი და მომსახურების ხარჯი 7,5 მილიონი ლარით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს – 5 მილიონი ლარით გაიზარდა;
  • სამინისტროების გაერთიანების შედეგად გარკვეულწილად შემცირდა ავტოპარკის მოცულობა. აღნიშნული გამოიწვია ისეთი თანამდებობების (მინისტრი, მინისტრის მოადგილე) გაუქმებამ, რომლებზეც განპიროვნებული იყო ავტომობილები;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა IDFI-ს არ მიაწოდა მათი ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. ამასთან, სამინისტროების მიერ 2018 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხები აღარ არის ხელმისაწვდომი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. აღნიშნულმა გარემოებამ მნიშვნელოვნად გაართულა როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ანალიზი.

[/checklist]

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის შედეგები, რომელიც მცირე მთავრობის კონცეფციას ეფუძნება, უცნობია.

“საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, კვლავ უცნობია რეფორმის დეტალური ფინანსური გათვლები. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რის ხარჯზე მოხდება ქვეყნის ეკონომიკაზე ბიუროკრატიული ტვირთის შემცირება”,- აცხადებს IDFI.

მასალების გადაბეჭდვის წესი