რას გააკეთებს პრეზიდენტი, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო შერჩეულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს გიორგი მარგველაშვილის მიერ შერჩეულ კანდიდატს, პრეზიდენტი საქართველოს კანონმდებობით იმოქმედებს.

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონსტიტუციით დადგენილი წესი და ჩარჩოები არ დაირღვეს. როგორც კონსტიტუცია გვეუბნება, პრეზიდენტს აქვს უფლება კონკრეტულ ვადებში კანდიდატურის მეორედ წარდგენის და თუ ამის შემდეგაც დაიწუნებენ კანდიდატს, პრეზიდენტი უკვე მიმართავს პარლამენტს, რომლის შინაარსიც შეიძელბა იყოს საბჭოს დათხოვნა,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამ კონსულტაციების შემდეგ ის წარუდგენს აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის მეთაურის კანდიდატურას. ნაცვლიშვილის განმარტებით, ამ საკითხს არეგულირებს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

“საქართველოს კონსტიტუციაში ერთადერთი საკითხია ის მოცემულობა, როცა ახლად არჩეული უმაღლესი საბჭო ჰყავს აჭარას და ამის შემდეგ პრეზიდენტი გაივლიდა კონსულტაციებს მთავრობასთანაც და აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც, მაგრამ ეს ფაქტობრივი სცენარი ახლა არ გვაქვს. ახლა გვაქვს შემთხვევა, როდესაც მთავრობის მეთაური გადადგა, ამის გამო მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება და ახალი კანდიდატია წარსადგენი. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციის განყოფელი ნაწილი. ისევე როგორც აჭარა, არ ითვალისწინებს პრეზიდენტის კონსულტაცებს მთავრობასთან კანდიდატურასთან დაკავშირებით,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ერთადერთი, ვისთანაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონსულტაციების გავლა, არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები:

“ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოდგენილია, ყველასთან ექნება კონსულტაციები, ისევე როგორც 2016 წელს. ამის შემდეგ პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატურას.”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი, თუ ვინ შეიძლება შეარჩიოს პრეზიდენტმა.

“ჩვენ უნდა მივყვეთ იმ პროცედურას, რომელიც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და მხოლოდ კონსულტაციების შემდეგ დასახელდება კანდიდატურა. არა მგონია, სამართლებრივად სწორი არ იქნება ის, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი მანამდე დაასახელოს და ვერც დაასახელებს იმიტომ, რომ მან ეს კონსულტაციები უნდა გაიაროს,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ პატარაძე: ვტოვებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.