ახალი ამბები

სამსუნგი მომხმარებლების ფოტოებს, შესაძლოა, უნებართვოდ აგზავნის, მაგრამ არა – საქართველოში

5 ივლისი, 2018 • 3318
სამსუნგი მომხმარებლების ფოტოებს, შესაძლოა, უნებართვოდ აგზავნის, მაგრამ არა – საქართველოში

მსოფლიო მედიაში რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ პრობლემას, რომელიც სამსუნგის ტელეფონებს ეხება. როგორც სამსუნგის მომხმარებლები წერენ, ტელეფონი მათ უკითხავად ფოტოებს უგზავნის ტელეფონში ჩაწერილ კონტაქტებს. თან ეს კეთდება ისე, რომ ტელეფონში მისი გაგზავნის კვალი არ რჩება და მიღებულ ფოტოებს მხოლოდ ადრესატი ხედავს.

სამსუნგმა შემთხვევის გამოძიება დაიწყო. თუ თქვენ საქართველოში იმყოფებით და სარგებლობთ ქართული მობილური ოპერატორების სერვისით, სანერვიულო არაფერი გაქვთ – ამ ეტაპზე თქვენი პირადი ფოტოების, მათ შორის, ნუდების მსგავსი ფორმით, სხვის ტელეფონში მოხვედრის შანსი არ არსებობს. მიზეზი კი ძალიან მარტივია – ტექნოლოგია, რომლითაც ფოტოების უნებართვოდ გაგზავნას ვარაუდობენ, საქართველოში ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.

როგორც დაზარალებული მომხმარებლები წერენ, ფოტოები უნებართვოდ გაიგზავნა სპეციალური აპლიკაციით, რომელიც მუშაობს RCS (Rich Communication Services) პროტოკოლით. RCS არის ახალი სამესიჯო ტექნოლოგია, რომელსაც აქამდე ცნობილი სტანდარტული SMS და MMS სერვისის შემდგომ თაობასაც უწოდებენ. აღნიშნული ტექნოლოგია ანდროიდის სისტემის მქონე ტელეფონის მომხმარებლებს უადვილებს  ტექსტური და მულტიმედია შინაარსის გაგზავნას (ეს არის დაახლოებით ფეისბუკ მესინჯერის, ან სხვა მესინჯერის მსგავსი სერვისი). იმისათვის, რომ ამ სერვისით სარგებლობა შეძლოთ, ანდროიდის სისტემის მქონე ტელეფონი ჩართული უნდა იყოს ისეთ მობილურ ქსელში, რომელსაც გააქტიურებული აქვს RCS პროტოკოლი.

სამსუნგის ამერიკელი მომხმარებლების ნაწილი ამბობს, რომ პრობლემა იმ დროს შეექმნათ, როდესაც ამერიკულმა მობილურმა ოპერატორმა T-mobile-მა სერვისი განაახლა. თავად ოპერატორმა ბრალდება უარყო და მომხარებელებს ურჩია, რომ საკითხი კონკრეტულად სამსუნგთან გაერკვიათ.

გუგლმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ RCS ტექნოლოგიის დასანერგად მსოფლიოს წამყვან მობილურ ოპერატორებთან უკვე მუშაობენ. ამ სერვისს მომხმარებლებს მსოფლიოში 40-მდე მობილური ოპერატორი სთავაზობს, მათ შორის კი ქართული კომპანიები არ არიან. “ნეტგაზეთს” ჯეოსელის ონლაინ დახმარების ჩატში უთხრეს, რომ ეს სერვისი არ აქვთ, “მაგთიმ” კი თქვა, რომ ნებისმიერ სერვისზე მათ საიტზე ქვეყნდება ინფორმაცია. თუმცა ამ უახლესი ტექნოლოგიის (RCS) დანერგვის შესახებ მათ საიტზე არაფერია აღნიშნული. რაც შეეხება ბილაინს, მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. იმისათვის, რომ RCS ტექნოლოგიით მესიჯები უპრობლემოდ გაიგზავნოს, გამგზავნ და მიმღებ მობილურ ტელეფონებს უნდა ჰქონდეთ ამ სერვისის მხარდაჭერა. სერვისის ცალმხრივი შეთავაზება საკმარისი არ არის. 

თუმცა, თუ თქვენ საქართველოში არ იმყოფებით, ან იმყოფებით და მაინც ღელავთ პერსონალურ უსაფრთხოებაზე, ტელეფონის პარამეტრებიდან შეგიძლიათ სხვადასხვა აპლიკაციას წვდომა შეუზღუდოთ ტელეფონში განთავსებულ ფაილებზე, ან შეგიძლიათ თქვენი ფოტოები და ვიდეოები (მათ შორის, ნუდებიც) უფრო უსაფრთხოდ სხვაგან შეინახოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი