მთავრობას რელიგიის თავისუფლების დაცვის პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, რომ რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში პოლიტიკა შეცვალოს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს გაუქმება ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ დაგროვებულ კრიტიკას და მოუწოდებენ მთავრობას, მიმდინარე პროცესს არ მისცეს მხოლოდ ფორმალური სტრუქტურული ცვლილების ხასიათი და გადასინჯოს რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში მთავრობის პოლიტიკა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 წლის განმავლობაში სააგენტოს საქმიანობა პრობლემური იყო რამდენიმე მიზეზის გამო:

  • რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, ქონებრივი ბენეფიტების მინიჭებით ცდილობდა რელიგიური ორგანიზაციების ლოიალობის ან მათზე კონტროლის მოპოვებას, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივ თემს/მრევლსა და ფორმალურ რელიგიურ ინსტიტუციას შორის გაუცხოების მძიმე სოციალური შედეგი მოჰყვა;
  • პრემიერ-მინისტრის უშუალოდ დაქვემდებარებაში ფუნქციონირებისა და კონფლიქტების რეგულირების პირდაპირი მანდატის მიუხედავად, უწყებამ ვერ შეძლო მიმდინარე რელიგიური ხასიათის დავების სამართლიანი გადაწყვეტა. დღემდე ვერ მოხერხდა სამთაწყაროში, მოხეში, ქობულეთში მუსლიმი თემის უფლებრივი მდგომარეობის ჯეროვანი აღდგენა;
  • ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება, რომელიც სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა, მისი დისკრიმინაციული შინაარსისა და არასეკულარული ანაზღაურების და ხარჯვის კონტროლის მიდგომების გამო პრობლემურია და რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმეებში ჩარევის მაღალ რისკებს შეიცავს. დაფინანსების არსებული პრაქტიკა, არაერთი კრიტიკის მიუხედავად, არ გადასინჯულა;
  • სააგენტოს მიერ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციისთვის ისედაც მოქმედი საკულტო ნაგებობების დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის პრაქტიკა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება (რესტიტუცია), რადგან სახელმწიფოს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ნება არ გამოუვლენია, ასევე არ მომხდარა რესტიტუციის ვალდებულების  კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგება. მეტიც, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ცალკეული ვალდებულებების მიუხედავად, სააგენტოს არ შეუქმნია პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც რესტიტუციის პოლიტიკის ხედვას გაწერდა. არაერთი დავისა და რეკომენდაციის მიუხედავად, მთავრობის მიერ ასევე არ გამოინახა სადავოდ გამხდარი ისტორიული საკულტო ნაგებობების საკითხის გადაჭრის გზები და მექანიზმები. მიმდინარე წლებში მოხეში მდებარე ისტორიული შენობის კონფესიურ წარმომვალობასთან დაკავშირებული დავის, ასევე თბილისში მდებარე ისტორიული სომხური ეკლესიის – თანდოიანცის, ყოველგვარი შესწავლის გარეშე საპატრიარქოსთვის თვითნებური გადაცემის ფაქტები არსებული დისკრიმინაციული და თვითნებური პოლიტიკის შედეგი და ნათელი მაგალითებია;
  • საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სააგენტოს ე.წ. სარეკომენდაციო როლი, რელიგიის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევის და მშენებლობის ნაბართვის მოპოვების სეკულარული წესის შეზღუდვის იარაღი გახდა. ამ პირობებში, მაგალითად, მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას. მედიაციური მანდატის მიუხედავად, სააგენტომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესში პოზიტიური და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი როლის შესრულება ფორმალურადაც კი ვერ მოახერხა;
  • კვლევითი სამუშაოების ჩატარების ვალდებულების მიუხედავად, უწყებას არ შეუქმნია რელიგიის თავისუფლების კუთხით უფლებრივი მდგომარეობის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც არადომინანტი რელიგიური ჯგუფების გამოწვევებს, საჭიროებებს, წუხილებსა და ინტერესებს ასახავდა. სააგენტო არასდროს გამხდარა რელიგიური ორგანიზაციების დემოკრატიული და თავისუფალი მონაწილეობის სივრცე;
  • კანონმდებლობის რევიზიაზე მუშაობის მანდატის მიუხედავად, სააგენტოს არ უღიარებია ისეთი დისკრიმინაციული ჩანაწერების არსებობა კანონმდებლობაში, რომელზეც წლების განმავლობაში სახალხო დამცველი თუ სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები უთითებს და რომელიც მათ შორის დადასტურდა 2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით;
  • უწყების მიერ დაორგანიზებული ცნობიერების ამაღლების სამუშაოები ფრაგმენტული ხასიათის იყო და არსებითად ვერ უზრუნველყო საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა. ამავდროულად, ორგანიზებული კამპანიები რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზების ნიშნებს შეიცავდა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, უწყებამ ვერ მოახერხა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობის პლატფორმების შექმნა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებით საკუთარი პოლიტიკის დაგეგმვა და წარმართვა.

სამწუხაროა, რომ რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად, რომელმაც კიდევ უფრო ფართოდ დააყენა არადომინანტი რელიგიური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის პრობლემა, ეს საკითხები მთავრობის დღის წესრიგში სათანადოდ არ დამდგარა და არც ჯეროვანი რეაგირების საგანი გახდა, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ინტენსიური კონსულტაციები გამართოს სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან, ასევე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებთან და უკვე სახელმწიფო მინისტრის აპარატის შიგნით მონაწილეობითი სამუშაო პროცესის ორგანიზების ფორმებთან დაკავშირებით.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), თანასწორობის მოძრაობა, მედიის განვითარების ფონდი (MDF), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com