ახალი ამბები

C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს – ექსპერტები გავრცელებულ ცნობას უარყოფენ

5 ივლისი, 2018 • 11814
C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს – ექსპერტები გავრცელებულ ცნობას უარყოფენ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და თანმდევი მკურნალობა ადამიანში სიმსივნური დაავადების ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს. ამ განცხადებით, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე  ექსპერტები, ფორტუნას ინტერვიუში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც ისინი ნეტგაზეთს უყვებიან, C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამული მკურნალობა სიმსივნური დაავადებებს არათუ არ ავითარებს, არამედ ხშირ შემთხვევაში, პირიქით, პრევენციაში ეხმარება.

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

4 ივლისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც თურქეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელი მალინა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ბენეფიციარები არიან, მკურნალობის შემდეგ სიმსივნე უვითარდებათ. ამ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს  ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა ადამია.

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ დავეთანხმები აღნიშნული სტატიის ავტორს. ამ პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობა არანაირად არ უწყობს ხელს სიმისვნის განვითარებას. პირიქით, C ჰეპატიტი, რომელიც არ არის ნამკურნალები, ღვიძლის ისეთ მძიმე დაზიანებებს იწვევს, როგორიცაა ციროზი, კომპენსირებული ციროზი და შემდეგ სიმსივნე. უხეშად რომ ვთქვათ, შესაბამისი მკურნალობის გარეშე C ჰეპატიტი იწვევს სიმსივნეს, ხოლო მკურნალობის შემდეგ – არა,” – გვითხრა ეკა ადამიამ.

მისივე თქმით, წამლები – ჰარვონი და სოფოსბუვირი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება, ხოლო მათი ეფექტურობა არაერთი კვლევითაა დადასტურებული.

“განცხადება, თითქოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იწვევს კიბოს, არავითარ სტატისტიკას არ ეფუძნება. ცხადია, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ პროგრამაში ჩართულ არცერთ ადამიანს არ დაემართა სიმსივნე, თუმცა ეს არა მკურნალობით, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობითაა გამოწვეული. საქმე ის არის, რომ ჩვენ პროგრამის პირველ ეტაპზე ისეთი ადამიანებიც ჩავრთეთ, ვისაც ღვიძლის ძლიერი დაზიანებები ჰქონდა. ჩვენ მათ მხარდამჭერა  წამლის მწარმოებელი კომპანია “გილიადისა” და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” თანადგომით გამოვუცხადეთ, რათა მათ არ ეგრძნოთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახელმწიფო მათზე უარს ამბობს,” – განმარტავს ეკა ადამია.

მისი თქმით, პროგრამა არ არის იმის გარანტი, რომ ღვიძლის მძიმე დაზიანებების მქონე ყველა ადამიანი გამოჯანმრთელდეს. ადამია უშვებს, რომ სწორედ ამ პაციენტებს შორის რაღაც ნაწილს შესაძლოა კიბო განვითარებოდა, თუმცა ეს იყო გამოწვეული არა პროგრამით, არამედ დაგვიანებული მკურნალობით.

პროგრამაში გამოყენებული მედიკამენტები კლავენ C ჰეპატიტის ვირუსს, ღვიძლის დაზიანება კი არის დაავადება, რომელსაც ეს მედიკამენტი ვერ კურნავს. ეს მედიკამენტი იმ მიზეზს სპობს, რაც იწვევს ღვიძლის დაზიანებას,” – აცხადებს ეკა ადამია.

ექსპერტის განმარტება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მედიკამენტებით სიმსივნის განვითარების შესაძლებლობას სრულად უარყოფს ლიმბახის დიაგნოსტიკის ეროვნული ჯგუფის სპეციალისტი ჯაბა ზარქუა. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, დღეს არსებული მონაცემებით დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ C ვირუსის საწინააღმდეგო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტები ღვიძლის სიმსივნეს არ იწვევენ.

“ამ საკითხთან დაკავშირებით 2016 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, როცა კონტიმ და კოლეგებმა ბარსელონადან უკვე სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებში მკურნალობის შემდეგ სიმსივნის დაბრუნების მოულოდნელად მაღალი მონაცემები დააფიქსირეს,  ჩატარებულია ასობით კვლევა. ავტორებისვე განმარტებით, ამ მოულოდნელი დაკვირვების გენერალიზაცია კატეგორიულად დაუშვებელი იყო, რადგან საკვლევი პოპულაცია იყო მცირე და კვლევას ჰქონდა სხვა მეთოდოლოგიური მინუსები. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი, ცხადია, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სამეცნიერო საზოგადოების და მას შემდეგ გამოქვეყნდა ასობით პუბლიკაცია წამყვან ჰეპატოლოგიურ ჟურნალებში.

ამ ზღვა მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანტივირუსული თერაპია არ ზრდის არც წარსულში უკვე არსებული ჰეპატოცელულური კარცინომის [ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე] დაბრუნების შემთხვევებს და, მით უმეტეს, არ ზრდის ახალ შემთხვევებს,” – განმარტავს ჯაბა ზარქუა.

მისივე თქმით, ზემოხსენებულს ისიც უნდა დაემატოს, რომ სწორედ c ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული თერაპია ხშირ შემთხვევებში ჰეპატოცელულური კარცინომის პრევენციად განიხილება უკვე ინფიცირებულ ადამიანებში.

“აღნიშნული მედიკამენტები არათუ პირდაპირ არ იწვევს, არამედ ირიბადაც არ არის კავშირში კიბოს განვითარებასთან. პაციენტები უნდა იყვნენ აბსოლუტურად მშვიდად,” – გვითხრა მან.

მისივე თქმით, მიუხედავად მედიკამენტების უსაფრთხოებისა, პაციენტისთვის პროგრამა ვირუსის განადგურებასთან ერთად წყდება, რაც პრობლემურია.

“პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე ჰქონდათ ღვიძლის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება, მკურნალობის დასრულების შემდგომ ესაჭიროებათ გეგმური მონიტორინგის გაგრძელება, რადგან ისინი ღვიძლის დაზიანებიდან გამომდინარე დარჩებიან ჰეპატოცელულური კარცინომის მაღალ რისკ-ჯგუფში, სამწუხაროდ,” – ამბობს ის.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოკლედ

2016 წელს საქართვლოს მთავრობამ C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია დაამტკიცა. 5-წლიანი პროგრამის შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს C ჰეპატიტით დაავადებულთა 95%-ის გამოვლენასა და მკურნალობას. ამისთვის საქართველომ ფარმაცევტულ კომპანია “გილიადთან” გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, კომპანია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს – ჰარვონსა და სოფოსბუვირს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2015 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის შორის C ჰეპატიტით დაავადებული აქტიური პაციენტის წილადობა 5.7%-ს შეადგენს, რის გამოც საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც C ჰეპატიტის მაღალი დატვირთვა აქვთ.

სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 47 ათასი პაციენტი იყო ჩართული, რომელთაგაც 44 ათასმა მკურნალობა უკვე გაიარა. მკურნალობადასრულებულ პაციენტებს შორის 98.2% დაავადებისგან განიკურნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი