ახალი ამბები

მღებრიშვილი ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს

5 ივლისი, 2018 • 1369
მღებრიშვილი ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სამსახურის პრესსამსახური.

“ადგილზე იმყოფება ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი. ხიდების დაზიანების გამო სოფელი ჭუბერი ამ დროისთვის მოწყვეტილია გარესამყაროს. საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას. სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რათა დროულად მოხდეს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მესტიის მერიის ინფრასტურქუტის სამსახურის უფროსი გვანცა ჯაფარიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად ჭუბერის თემის ყველა სოფელს მიადგა ზიანი. გარესამყაროს მოწყვეტილია თემის ათივე სოფელი.

ჯაფარიძის თქმით, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები დაზარალდა. დაზიანდა სახლების და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, ადიდებულმა წყალმა ჭუბერის ცენტრამდე მისასვლელი გზა და ხიდი წაიღო, რის გამოც მაშველები ხეობის ზედა სოფლებში ვერ მიდიან:

“ჭუბერის ცენტრამდე მისასვლელი ხიდიც წაღებულია. სამაშველოც ვერ ახერხებს ზედა სოფლებთან დაკავშირებას და მისვლას, რადგან ფაქტობრივად არაა მისასვლელი გზა და ხიდი. ხეობას სრულად შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება. სატელეფონო კავშირი გვაქვს, თუმცა ადგილზე მისვლას და მდგომარეობის ნახვას ვერ ვახერხებთ. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ტენდენციაც იქით მიდის, რომ მდინარე ნელ-ნელა დგება კალაპოტში” – ამბობს გვანცა ჯაფარიძე.

მესტიის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის ზიანი მიადგა თემს ადიდებული მდინარის გამო.

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი