ახალი ამბებისამართალი

საიამ 17 მაისს დაზარალებული პირის საქმეზე საჩივრით პროკურატურას მიმართა

5 ივლისი, 2018 • 1984
საიამ 17 მაისს დაზარალებული პირის საქმეზე საჩივრით პროკურატურას მიმართა

2018 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან  ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას,ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელდა თავდასხმა. დღეის მდგომარეობით, დაწყებულია გამოძიება, რომელსაც საპროცესო ხელმძღვანელობას თბილისის პროკურატურა უწევს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით ნიკა გორგილაძე დაზარალებულად არ ცნო, 2018 წლის 22 ივნისს საიამ განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას და მოითხოვა ნიკა გორგილაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. საია აცხადებს, რომ დღემდე არ მიუღიათ.მოთხოვნაზე პასუხი, მათ შორის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება.

ამის შემდეგ, როგორც საია აცხადებს, 2018 წლის 26 ივნისს კვლავ მიმართეს თბილისის პროკურატურას, რათა გადაეცათ დადგენილება დაზარალებულად ცნობის ან მასზე უარის თქმის შესახებ, თუმცა ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დღემდე არ მიუღიათ პასუხი.

“მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას ყველა მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული შეხედულებების ან სხვა ნიშნისა. აქვე განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაზარალებული არის პირი, რომელსაც ობიექტურად ყველაზე დიდი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სამართალწარმოების შედეგების მიმართ. აქედან გამომდინარე, ნიკა გორგილაძე სათანადოდ უნდა იქნეს ჩართული როგორც გამოძიების, ისე სამართალწარმოების პროცესში,”- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის უმოქმედობით ილახება ნიკა გორგილაძის კანონიერი ინტერესები, კერძოდ:

“მას არ აქვს საქმის მასალებსა და მიმდინარე თუ უკვე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომა. ამასთან, უცნობია დანაშაულის კვალიფიკაცია. შესაბამისად, მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას ნიკა გორგილაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და დანაშაულის სწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვასთან დაკავშირებით.”

ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი ბიჭი თავს დაესხა სიტყვით გამოსვლისას. პოლიციამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი 15 წლის არის. შსს-მ გამოძება 126-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეი აქტივისტი ნიკა გორგილაძე, რომელსაც მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს მიმდინარე ანტიჰომოფობიურ აქციაზე თავს არასრულწლოვანი დაესხა, ამბობს, რომ დამნაშავეა სისტემა და მას აგრესია არ აქვს თავდამსხმელის მიმართ.


17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა.

მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. აღნიშნული აქცია პოლიციის ზედამხედველობით, ბარიკადებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი