ახალი ამბები

“ნენსკრა ჰიდრო” გამორიცხავს სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ჰესის კავშირს

5 ივლისი, 2018 • 2512
“ნენსკრა ჰიდრო” გამორიცხავს სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ჰესის კავშირს

სააქციო საზოგადოება “ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც ჭუბერში მდინარე ნენსკრაზე ჰესს აშენებს, გამორიცხავს ჰესის მშენებლობის კავშირს სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან.

კომპანიაში აცხადებენ,  რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. “ნენსკრა ჰიდროს” განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას.

“გარდა ამისა,სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ, მდინარის მიმართულებით. შესაბამისად, შექმნილ ვითარებას ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან” – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ჯერჯერობით უცნობია სტიქიის გამომწვევი მიზეზები. სააგენტოში აცხადებენ, რომ გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში მიდიან, რათა სტიქიის გამომწვევი მიზეზები შეისწავლონ.

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან, მდინარე ნენსკრა ადიდდა. ამ ინფორმაციას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ გამოიწვია. მდინარემ წაიღო 4 ხიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც ადგილობრივები “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობენ, დატბორილია ჭუბერის ცენტრი და სახლები. ხეობის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი