ახალი ამბები

მეტროსა და ავტობუსის თანამშრომლებს შეღავათები უწესდებათ – პროფკავშირი

5 ივლისი, 2018 • 2085
მეტროსა და ავტობუსის თანამშრომლებს შეღავათები უწესდებათ – პროფკავშირი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს, რომ 4-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, მერია მზადაა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დასაქმებულებს შეღავათები დაუწესდეთ.

პროფკავშირების ცნობით, თბილისის მერსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შორის შეთანხმება ეხება თბილისის მეტროპოლიტენის, ავტობუსების და სხვა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტში დასაქმებულების სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით უფლებებს.

მიღწეული მოლაპარაკების შედეგად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მთლიანობაში მიიღებენ 2 მილიონი ლარის სარგებელს, აცხადებს პროფკავშირები.

მიღწეულ შედეგებს შორისა:

  • მეტროს თანამშრომლებისთვის ღამის საათებში მუშაობის დანამატის 10%-იანი ზრდა.
  • მოიხსნება თანრიგების დაცვის სისტემა და ამავდროულად  გაიზრდება ტარიფები მე–6 თანრიგისთვის 100 ლარამდე. მე–5 თანრიგისათვის – 70 ლარამდე და მე–4 თანრიგისათვის – 50–ლარამდე.
  • თანრიგების მიმნიჭებელ კომისიაში ხმის უფლების მანდატი მიეცემათ, მეტროს და ტრანსპორტის პროფკავშირების წარდგინებით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
  • საწარმოს სამსახურის ტექნიკური მეცადინეობების (გადამზადების) დრო, რომელიც ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება, თანამშრომლებისთვის თვეში ერთხელ ანაზღაურდება 20 ლარით.
  • საწარმოში დასაქმებული ყველა ბრძანების ასლი, რომელიც ეხება დასაქმებულთა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის მიღების და გათავისუფლების ბრძანების ასლებს – სამი დღის ვადაში გადაეცემა პროფკავშირს.
  • მეტროს თანამშრომლებისთვის მეტროს პროფკავშირის შუამდგომლობით დაწესდება ყოველწლიური “საპატიო მეტროპოლიტენელი” წოდების მინიჭება, წამახალისებელი ფულადი ჯილდოს თანხლებით.
  • კომპანიაში დასაქმებული ე.წ. “ბუქსირის” მძღოლებისთვის განისაზღვრება მავნე პირობებში მუშაობის დანამატი.
  • სამეურნეო მანქანის მძღოლები დანამატის სახით – მავნე სამუშაოსთვის, 10-დღიან დამატებით ანაზღაურებად შვებულებას მიიღებენ.
  • ივლისსა და აგვისტოში, ძლიერი სიცხის გათვალისწინებით, მცირე ზომის ყვითელი ავტობუსების, “ბოგდანების” მძღოლები იქნებიან უზრუნველყოფილნი წყლით ან მიიღებენ შესაბამის დანამატს 50-50 ლარის ოდენობით.
  • ირაკლი პეტრიაშვილის თხოვნაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა დაარგულიროს ე.წ “მშრალი ოქმის” საკითხი, რაც გულისხმობს მცირე საავტომობილო ინცინდენტების დროს (რომელიც არ იწვევს სხვისი ნივთის ან ვინმეს დაზიანებას და ეხება საავტომობილო საშუალების შედარებით მსუბუქ დაზიანებას, გახახუნებას და ა.შ) მძღოლების 250-ლარიანი ჯარიმისგან გათავისუფლებას. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა საკითხი დაარეგულიროს შსს-სთან და საპატრულო პოლიციასთან.
  • დეკემბრიდან იანვრამდე მეტროპოლიტენის  თანამშრომელთა შრომით ხელშეკრულებებში შევა ცვლილება და მათ აუნაზღაურდებათ ნახევარსაათიანი ე.წ. გამოუყენებელი შესვენება. რომელიც, ჯამშ,ი შეადგენს 600 ათას ლარს და რომლისთვისაც თანხები ამ ეტაპზე ბიუჯეტში ვერ გამოიძებნა.
  • პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების შედეგად საწარმოში არსებული წელთა ნამსახურების დანამატი გავრელდება მძღოლებზეც და ამ თანხას ისინი, ისევე როგორც მეტროს თანამშრომლები, მიიღებენ წლის დასრულებისთანავე.

გაერთიანებული პროფკავშირის ცნობით, გუშინდელ შეხვედრაზე გამგეობის წევრებს ქალაქის მერმა და საქტრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განუცხადეს, რომ უკვე დეკემბერ-იანვარში გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება, რომელშიც ჩაიდება როგორც ძველი მიღწევები, ასევე ახალი სხვადასხვა საკითხები, რაც გააუმჯობესებს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას. მერმა სრული მზადყოფნა გამოთქვა დიალოგზე და სხვადასხვა პრობლემური საკითხის პირადად მასთან განხილვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი