მთავარი პროკურორობისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს – სია

მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. მას შემდეგ, რაც წარდგენილთაგან რამდენიმემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, კონკურსში მონაწილეობას 18 პირი აგრძელებს.

კანდიდატთა და მათი წარმდგენი ორგანიზაციების სია ასეთია:

  1. პაატა შავაძე;
  2. ზურაბ ჯორბენაძე;
  3. გია ბერძენიძე;
  4. ნანა რევაზიშვილი;
  5. თამარ კერესელიძე;
  6. გრიგოლ გაგნიძე;
  7. იოსებ ბაჩიაშვილი;
  8. ჯემალ გახოკიძე;
  9. შალვა თადუმაძე;
  10. ედიშერ ფუტკარაძე;
  11. ნინო გოგნიაშვილი;
  12. ირაკლი ნადარეიშვილი;
  13. შალვა შავგულიძე;
  14. ნონა ფილაური;
  15. ალექსანდრე კობაიძე;
  16. კოტე ჭილაია;
  17. ლევან ძნელაძე;
  18. თეიმურაზ ონიანი.

მთავარი პროკურორობის შესარჩევი კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს თამარ კერესელიძემ, მაია ცაცანაშვილმა, გიორგი
შაშიაშვილმა და ლენა კაპანაძემ.


იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.

აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.