ახალი ამბები

მერაბიშვილის სასამართლო ქუთაისში 5 თებერვალს განახლდება

31 იანვარი, 2014 • • 1325
მერაბიშვილის სასამართლო ქუთაისში 5 თებერვალს განახლდება

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა სრულიად უსუსური ვერსია, იმის გასაბათილებლად, თუ რატომ დაასაქმეს 21 837 პირი  წინასაარჩევნოდ.

 

„ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი, იმიტომ გადაურიცხეს ამ პირებს 240-240 ლარი, რომ ჩაედინათ ამომრჩეველთა მოსყიდვა და ამ გზით უკანონო შემოწირულობა მიეღო „ნაციონალურ მოძრაობას. დიმიტრი შაშკინმა დაგვიდასტურა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შტატების გაზრდაზე ორი პირი იყო დასაქმებული, ასე ვთქვათ, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, ანუ ის პირები, ვისაც ვედავებით ჩვენ“- ამბობს ქეთევან ჩაჩავა. 

 

ხოლო დაცვის მხარის მტკიცებით, მოწმეების ჩვენებებმა ბრალდებულების უდანაშაულობა დაადასტურა.

 

„დასაქმების პროგრამაზე საქმე გვაქვს კოლეგიური ორგანოს, ანუ მთავრობის გადაწყვეტილებასთან და ამიტომ, ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ დროს ამ კოლეგიური ორგანოს წევრების ჩვენებაა. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურამ საერთოდ არ დაკითხა ეს მოწმეები, ვინაიდან ასე ბრალეულობის დამტკიცებას ვერ შეძლებდა. ჩვენ დავკითხეთ ისინი და მათ მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია, რომ გადაწყვეტიელბა იყო ერთობლივი. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რაოდენ წარმატებული იყო პროგრამა, რომელიც დასაქმების მსურველთა აღრიცხვას ეხებოდა, რომ სამუშაოსმაძიებელთა  700 ათას ადამიანის ბაზა შეიქმნა, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამოუყენებია მოქმედ ხელისუფლებას და პრაქტიკულად წყალში ჩაყარა ეს კოლოსალური შრომა, რომელიც რამდენიმე თვის განამვლობაში გაწია წინა მთავრობამ,“-ამბობს ოთარ კახიძე.

 

სასამართლო სხდომა ოთხშაბათს, 5 თებერვალს განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი