ახალი ამბებირეკლამა

NDI ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვას მართავს

29 ივნისი, 2018 • 908
NDI ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე  საჯარო განხილვას მართავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 30 ივნისს, 10:30 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. #62-64) საჯარო განხილვას გამართავს, რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა ფოკუსირებული იქნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე.

შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებლები ლაშა კომახიძე, ბათუმის მერი, სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან გობაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინტელექტის” დირექტორი და ცაგო კახაბერიძე, გაზეთ ,,ბათუმელების” ჟურნალისტი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილ მექანიზმებზე ისაუბრებენ. პანელის მოდერატორი NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა გოგიძე იქნება. შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთასა და განხილვას დაეთმობა. აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანზიაციები ფოკუს ჯგუფის კვლევას ჩაატარებენ.

NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პირველად მართავს ერთიან შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთისა და შემდგომ მათზე მუშაობის საშუალება ეძლევათ. აღნიშნული პროგრამის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი