ახალი ამბები

აეროპორტში მოწამლული ერთი პაციენტი საავადმყოფოში რჩება, სხვები კი გაწერეს

5 ივლისი, 2018 • 1528
აეროპორტში მოწამლული ერთი პაციენტი საავადმყოფოში რჩება, სხვები კი გაწერეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს მომხდარი ინციდენტისას მოწამლული პაციენტებიდან ერთი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, დიდი ნაწილი კი უკვე გაწერეს ბინაზე.

პაციენტმა, რომელიც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის, გუშინ, 4 ივლისს, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას მიმართა. კლინიკის პრესსამსახურის თქმით, ვინაიდან კლინიკას შესაბამისი პროფილი არ აქვს, პაციენტს მხოლოდ პირველადი დახმარება ჩაუტარდა და ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სხვა პაციენტები, რომელთა რაოდენობაც “ინტერპრესნიუსის” ცნობით, შვიდს შეადგენს, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” რეგიონალურ კლინიკაში იყვნენ მოთავსებულნი.

როგორც “ნეტგაზეთს” კორპორაციის პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტებს ზოგადი მოწამვლის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა მათი მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა.

“ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები იყო: თვალისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება იყო, თავბრუსხვევა იყო გამოხატული და ერთ კონკრეტულ შემთხვევაში – მცირე გამონაყარი. ეს ყველაფერი დასტაბილურდა, პაციენტები ობსერვაციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ, დეტოქსიკაციის მკურნალობა ჩაუტარდათ და ახლა ბინაზე არიან აბსოლუტურად ჯანმრთელნი გაწერილნი”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი