ახალი ამბები

რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

4 ივლისი, 2018 • 4991
რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პირის მოწამვლის საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს. როგორც ტელეკომპანია “იმედთან” საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი გოგლიძე ამბობს, შემთხვევა “აეროფლოტის” ოფისში მოხდა.

გოგლიძის თქმით, “აეროფლოტის” თანამშრომელმა ოფისში უსიამოვნო სუნი შენიშნა და ტექნიკური გჯუფი გამოიძახა. დაშავებულები კი სწორედ ამ ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან:

“უსიამოვნო სუნი გამოდიოდა ოთახიდან, “აეროფლოტის” ოფისიდან. გავუშვით შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი ადგილზე. პირველი დათვალიერება მოხდა მათ მიერ და შემდგომ გამოვიძახეთ შსს-ს თანამშრომლები. ის ადამიანები, ვისაც აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია, არიან ჩვენი ტექნიკური ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ ამ ოფისში და მათ უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები”, – ამბობს გოგლიძე “ქრონიკასთან” საუბარში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის განცხადებით,  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2018 წლის 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.

ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანის მოწამვლის შესახებ Droni.ge-მ გაავრცელა. გამოცემა ასევე წერდა, რომ დაშავებულები მხუთვი აირის ზემოქმედებით მოიწამლნენ.

სუს-ში ნეტგაზეთს არ უპასუხეს კითხვაზე, რა ნივთიერებით მოიწამლნენ აეროპორტის თანამშრომლები. უცნობია ისიც, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი