პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ცვლილებების მიხედვით,  საქართველოში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

ასევე უქმდება დევნილთა სამინისტრო და მისი  ფუნქციები გადანაწილდება სამ სამინისტროზე. განსახლების საკითხები გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის საკითხები – შსს–ში, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

ცვლილება შეეხება რელიგიის სააგენტოსაც და ის შეერწყმება შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი ასევე გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ცვლილებები პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.