ახალი ამბები

სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ხვალიდან ვარაუდობენ

31 იანვარი, 2014 • • 1249
სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ხვალიდან ვარაუდობენ

“დღეს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ნალექია, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვს, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქაც ნალექია, თუმცა, ზოგან წვიმის სახით. თოვლი შედარებით შესუსტდება, თუმცა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. უკვე ხვალიდან ტემპერატურის მკვეთრ დაცემას ველოდებით, დაახლოებით 10 გრადუსით დაიწევს ტემპერატურა, თბილისში დაახლოებით –8 –10 გრადუსი იქნება. დაბალი ტემპერატურა დაახლოებით 9 თებერვლამდე შენარჩუნდება”, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რამაზ ჭითანავა.

 

ამინდის გამო გზებზე შეზღუდვები კვლავ გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოძრაობა თავისუფალია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის, სხვა სახის ტრანსპორტი კი შეზღუდვებს ექვემდებარება:

 

“გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, გუდაურამდე მოძრაობა თავისუფალია, ზემოთ კობამდე კი აკრძალულია. კობი–ლარსის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის, გარდა ტრაილერებისა, მათ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა გამოიყენონ. რიკოთი თავისუფალია, გომბორზე აკრძალვაა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მესტიის მიმართულებით არის ასევე აკრძალვა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ტრანსპორტისთვის. მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა ყველგან თავისუფალია”, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ ხუბულავამ.


მასალების გადაბეჭდვის წესი