ტრეფიკინგში ბრალდებულ ცოლ-ქმარს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ცოლ-ქმარს, რომელიც შსს-ს ცნობით 2010 წელს დაბადებულ ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდა,  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ვერსიით,  ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს. კერძოდ, უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები მუქარის გამოყენებით გოგოებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.

ამასთან, გამოძიების ვერსიით, ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი ბავშვებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს – პ.მ-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა.

წარდგენილი ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.