ახალი ამბებიკომენტარი

რას ყვება ადამიანი, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს გააციმბირეს [ვიდეო]

4 ივლისი, 2018 • 16825
რას ყვება ადამიანი, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს გააციმბირეს [ვიდეო]

ამ ყველაფრის გახსენებაც კი მიმძიმს, – ამბობს ბოდბის მკვიდრი მირიან გურაშვილი, რომელიც 3 წლის ასაკში დედასთან და ორ მცირეწლოვან დასთან ერთად 1942 წელს ციმბირში ხუთი წლით გადაასახლეს. მამამისი, რომელიც ომში ლენინის ორდენზე იყო წარდგენილი, ღალატის ბრალდებით დახვრიტეს.

  • სასამართლომ მირიან გურაშვილის ოჯახი პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარა, ხოლო სახელმწიფომ კომპენსაციის სახით მათ 1250 ლარი გადაუხადა.

სტალინური რეპრესიების მსხვერპლი იხსენებს ტრაგედიას, თუ როგორ გაუსკდა შიშისგან გული ციმბირისკენ მიმავალ გზაზე მის 5 წლის დას. როგორც მირიან გურაშვილი ამბობს, დედამისი ბავშვის ცხედარს 3 დღეს მალავდა, თუმცა გემზე მყოფებმა ის დააბეზღეს, რის შემდეგაც ბავშის ცხედარი კასპიის ზღვაში ისე გადააგდო კაპიტანმა, რომ ოჯახს დალაპარაკების უფლებაც არ მისცეს.

პირველი ტრაგედიის შემდეგ მარტოხელა დედასა და ორი მცირეწლოვან ბავშვს მძიმე ხუთი წლის გადატანა მოუწიათ ციმბირში. მირიან გურაშვილმა, რომელიც გადასახლების დროს 3 წლის იყო, გაუსაძლისი ყინვების გამო ფეხის თითები დაკარგა.

როგორც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი იხსენებს, დღის განმავლობაში გადასახლებულთათვის განკუთვნილ თითო ულუფა წყალ-წყალა სუფსა და 100 გრამ პურს აძლევდნენ. მისი თქმით, კარტოფილს თავად მოიპოვებდნენ გაყინულ მიწაში და ამით იკვებებოდნენ.

მირიან გურაშვილის მოგონებებით, ციმბირის კლიმატსა და მკაცრ პირობებს საქართველოდან გადასახლებული ბევრი ოჯახი ვერ გადაურჩა, ხოლო მათი ნაწილი მანამდე იღუპებოდა, სანამ რეპრესირებულთა ბანაკში მიიყვანდნენ გემებითა და მატარებლებით.

მირიან გურაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უახლოესი ნათესავების გარდა, მის ოჯახს ყველა ჩაგრავდა. მისი თქმით, მისი საცხოვრებელი სახლიდან ნასახლარის კვალიც არ იყო დარჩენილი, მათი მთელი ქონება კი კოლექტივმა წაიღო: “გვითხრეს, როგორც გინდათ, ისე იცხოვრეთო…”

“ბავშვები და მასწავლებლები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჩვენ მიმართ. იმის გამო გვჩაგრავდნენ და გვტანჯავდნენ, რადგან გადასახლებაში ვიყავით. წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ უმაღლესში სწავლა ვერ გავაგრძელე. არცერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა მიმიღო, რადგან გადასახლებული და რეპრესირებული ვიყავი,” – იხსენებს მირიან გურაშვილი.

მისი თქმით, არათუ მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულების გაპროტესტებას, არამდე ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავდნენ, რადგან ხელმეორედ გადასახლების ეშინოდათ.

მირიან გურაშვილმა 4 წელი საზღვაო ავიაციაში იმსახურა, თუმცა ჯარიდან დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა საბჭოთა საქართველოში მისი ჩაგვრა. როგორც მირიანი ამბობს, არცერთ სამსახურში მიიღეს და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ნაციხარი არ სჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ გადასახლების დროს 3 წლის ბავშვი იყო:

“შიშის ქვეშ იყო ხალხი, განსაკუთრებით კი, ჩვენი ოჯახი. იმის გამო, რომ გადასახლებულები ვიყავით, ხმის ამოღების უფლებაც კი არ გვქონდა…”

სტალინური რეპრესიების შემდეგ მირიან გურაშვილი ბოდბეში ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა. ჰყავს ცოლი, სამი შვილი, ექვსი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინის ეპოქაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მათი ნაწილი დახვრიტეს. IDFI-ის ინფორმაციით, მხოლოდ 1937-38 წლებში საქართველოდან 14 679 ადამიანი გადაასახლეს, 14 372 კი დახვრიტეს. აქედან 3443 ადამიანი პირადად იოსებ სტალინის ხელმოწერით დახვრიტეს, ხოლო 179 გადაასახლეს.

  • იხილეთ მირიან გურაშვილის ვიდეო ნეტგაზეთის იუთუბის არხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი