ახალი ამბები

ენგურის ხიდზე „ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი“ ფუძნდება

30 იანვარი, 2014 • • 1760
ენგურის ხიდზე „ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი“ ფუძნდება

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მაია კაციტაძის განცხადებით, პროექტი უკვე რამდენიმე თვეა ორგანიზაციაში იხვეწება და მისი ავტორია კავშირი ­ „ქართულ–­აფხაზური შერეული ოჯახები­” .

 

„ეს არის თვისობრვად ახალი, თავისუფალი სივრცის შექმნა ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ვულისხმობ, რომელსაც ჩვენ გვინდა ვუწოდოთ „ქართულ–­აფხაზური მშვიდობის სახლი“, თუმცა კი ეს სივრცე იქნება ყველასთვის. ეს არ არის არავის კუთვნილება და იქ ყველა ეროვნების ადამიანისათვის იქნება განკუთვნილი“,_ განაცხადა მაია კაციტაძემ.

 

მისივე თქმით, „ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი“ ფუქნციონირებას არა ზუგდიდში, არამედ უშუალოდ ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებს. ავტორთა აზრით, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ამგვარი აპოლიტიკური და გახსნილი სივრცე მომავალში ცხინვალის რეგიონთან მდებარე საზღვარზეც იგეგმება.

 

„ომამდე აფხაზეთის მოსახლეობის 41 % იყო ქართულ–­აფხაზური შერეული ოჯახები. ომის შემდეგ მრავალი ოჯახი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, ხოლო იქ ქალბატონები, რომლებსაც მეუღლეები და შვილები აფხაზები ჰყავდათ, დღეს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ცხოვრობენ“,_ აცხადებს კავშირი ­ „ქართულ–­აფხაზური შერეული ოჯახების თავმჯდომარე და აღნიშნული პროქტის ავტორი რეზო ბენდელიანი. მისვე თქმით, ამ ეტაპზე ეს შერეული ოჯახები წარმოადგენენ იმ სამშვიდობო ძალას, რომელსაც ძალიან დიდი გარდატეხის შეტანა შეუძლიათ ურთიერთობების აღდგენაში.

 

პროექტის მიხედვით, ავტორთა მტკიცებით, „მშვიდობის ქართულ–აფხაზური სახლი“ მოქალაქეთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და იმ ადამიანებს, რომლებიც გამშვები პუნქტით სარგებლობენ, მათთვის საჭირო სერვისებს შესთავაზებს.

 

„სერვისები იქნება საჭიროებებიდან გამომდინარე და ამიტომაც ახლა ჩვენ ამ ცენტრს არ ვტვირთავთ და არ ვუწოდებთ ან მხოლოდ საკონსულტაციო ცენტრს და ან მხოლოდ საინფორმაციო ცენტრს. როგორი მოთხოვნაც იქნება ფუნქციონირებაც იმ მიმართულებებით წარიმართება. ეს იქნება პოზიტივზე ორიენტირებული სივრცე. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ გზამკვლევები. მივაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება, რა გადასახადებია, როგორია ქვეყნის კანონები და ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, დაემატება ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო საკითხი, რაც მათთვის იქნება საინტერესო“,_ აცხადებს მაია კაციტაძე.

 

კაციტაძე ასევე აცხადებს, რომ ეს ძალიან დიდი პროექტია და ამჟამად ფონდების მოძიების ეტაპი იწყება.

 

“ამ პროცესში ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტნიორები, ვინაიდან ყველას აქვს სათქმელი და ყველას შეუძლია თითო მაგიდა დაიკავოს იმ სივრცეში და თავისი სერვისითა და კონსულტაციით მოემსახუროს იქ მისულ ნებისმიერ პირს. მომდევნო კვირას პროექტზე მსჯელობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგრძელდება”.

 

პროექტის ავტორთა აზრით, ყველა ეტაპის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში „ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი“ მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისისათვის უნდა გაიხსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი