ახალი ამბები

NGO-ები NATO-ს საქართველოს გაწევრიანების პროცესისთვის სიცხადის შეძენას სთხოვენ

4 ივლისი, 2018 • 1769
NGO-ები NATO-ს საქართველოს გაწევრიანების პროცესისთვის სიცხადის შეძენას სთხოვენ

საქართველოში მოქმედი 49 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდასაჭერად ღია წერილით მიმართავს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს.

განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ NATO-ში გაწევრიანება ქართველი ერის მკაფიო, დადასტურებული, მტკიცე ნებაა, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს და ეს მხარდაჭერა ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის საერთო რეიტინგსაც კი აჭარბებს:

“საქართველოს მრავალი სირთულე შეხვდა ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გამო. ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის მიერ თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების განუყოფელ ნაწილად აღიქმება. ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველომ შეძლო ამ პოლიტიკური კურსის შენარჩუნება.

ევროატლანტიკურმა ინტეგრაციამ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის რთულ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამ პროცესმა წაახალისა რეფორმები, რომელთა მიზანი თანამედროვე, დემოკრატიული და დაცული საზოგადოების ჩამოყალიბებაა. მან საქართველოს მოქალაქეებს გაუჩინა რწმენა, რომ  საკუთარი მომავლის განკარგვა შესაძლებელია და ძლიერი სტიმული მისცა სახელმწიფო ინსტიტუციების ასაშენებლად, დემოკრატიის გასავითარებლად და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის გარდასაქმნელად” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ  საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი თანამედროვე, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის ასაშენებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა  კვლავაც დგას როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების წინაშე. თუმცა, მთლიანობაში, ქართული საზოგადოება ევროპული დემოკრატიაა და ამდენად, ეს გამოწვევები დიდწილად ჰგავს იმ გამოწვევებს, რომელთა  წინაშეც ევროპული ქვეყნები NATO-ში გაწევრიანებამდე და მის შემდეგაც იდგნენ.

განცხადების ხელმომწრები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მიმართ, ასევე ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პასუხისმგებლიანი წევრი და დამცველია, რასაც  ნათლად აჩვენებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა NATO-ს სამშვიდობო მისიებში:

“ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და დააჩქარებს  საქართველოს განვითარებას.

ნატოს გაფართოების თითოეულმა ტალღამ გააძლიერა ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა და გაამყარა მშვიდობა და კეთილდღეობა მთელ ევროპაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სარგებელს მოუტანს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას. ის გააძლიერებს როგორც ალიანსის სამხრეთი ფლანგის უსაფრთხოებას, ისე დემოკრატიის ფრონტს, წაახალისებს რა რეფორმატორებსა და დემოკრატიულ ძალებს საქართველოს საზღვრებს მიღმა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება მომდევნო გაბედული ნაბიჯი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციებს სჯერათ, რომ   საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დადებითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე:

“იმ საფრთხეებისა და გამოწვევების კონტექსტში, რომელთა წინაშეც  თავისუფალი სამყარო დგას, უმნიშვნელოვანესია 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, რათა ნატომ, როგორც მეგობრების, ისე მოწინააღმდეგეების თვალში, დაადასტუროს ალიანსის ერთობა და მისი ერთგულება საკუთარი ფუძემდებლური პრინციპების მიმართ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს წევრობისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია. ახლა, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანების გზას შესძენს სიცხადეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიცხადე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ინტერესებშია”,- ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  6. ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო
  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  8. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  9. მედიის განვითარების ფონდი
  10. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  11. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  12. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  13. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
  14. მწვანე ალტერნატივა
  15. საზოგადოება და ბანკები
  16. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  17. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  18. სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
  19. ლიბერალური აკადემია-თბილისი
  20. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  21. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  22. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
  23. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი)
  24. რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი (ამბროლაური)
  25. ასოციაცია დეა (ზუგდიდი)
  26. საქართველოს სასოფლო დარბაზი (ოზურგეთი)
  27. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
  28. ღირსეული სიბერე (ქობულეთი)
  29. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული)
  30. ევროპა ჩვენი სახლია (ქუთაისი)
  31. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
  32. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) იმერეთის წარმომადგენლობა (ქუთაისი)
  33. ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული)
  34. მშვიდობის ქარტია (ნინოწმინდა)
  35. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
  36. კავშირი “ვეჟინი” (გურჯაანი)
  37. კავშირი-სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ (სიღნაღი)
  38. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)
  39. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი)
  40. დემოსი (რუსთავი)
  41. უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი)
  42. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ოზურგეთი)
  43. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ (ჭიათურა)
  44. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)
  45. კავშირი საფარი
  46. კავშირი ‘მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება’
  47. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  48. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
  49. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი