აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოდანაც ულოცავენ

დღეს, 4 ივლისს, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. 1776 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდელობის დეკლარაცია მიიღო. წელს აშშ უკვე 241-ედ იზეიმებს დამოუკიდებლობას. 4 ივლისი ოფიციალურად უქმე დღეა და მას ყველა შტატი განსაკუთრებულად აღნიშნავს.

დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოდანაც ულოცავენ. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ საქართველოს მეგობარია და ეს მეგობრობა უნივერსალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული:

“საქართველოს მთავრობის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა ამერიკელს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე! ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა დაფუძნებულია უნივერსალურ ღირებულებებზე, როგორებიცაა – თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება.

დამოუკიდებლობა გახლავთ ის ღირებულება, რომლისთვისაც ძალიან ბევრჯერ მოუწია ქართველ ხალხს ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი ფასიმინდა, კიდევ ერთხელ, გულითადად მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ყველა გულშემატკივარს ეს უმნიშვნელოვანესი დღე” – წერს მამუკა ბახტაძე.

მილოცვის განცხადება ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ივლისი საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვისა, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა:

“ჩვენს მთავარ მოკავშირეს, სტრატეგიულ პარტნიორს და ერთგულ მეგობარ ქვეყანას-ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ყველაფრისთვის, რასაც ისინი უკეთესი მსოფლიოს და მომავლის ასაშენებლად აკეთებენ” – ამბობს კობახიძე.

მილოცვის წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაუგზავნა. წერილში მარგველაშვილმა მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერის გამო.
“თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და საფუძველი ჩაუყარა ახალი ეპოქის შექმნას შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში. სხვა ქვეყნებისთვის ამერიკა ყოველთვის თავისუფლების შუქურა და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი იყო.
არსებული არასტაბილური და ცვალებადი გარემოს პირობებში, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატები წარმატებით გადალახავს არსებულ გამოწვევებს და განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, ნება მომეცით დავადასტურო, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ძლიერ პარტნიორად. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია. ჩვენი ერები ერთობლივად გადალახავენ სხვადასხვა გამოწვევებს და მტკიცედ იდგებიან საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად” – ამბობს მარგველაშვილი (წერილის სრულად წასაკითხათ გადადით ბმულზე).

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საპარლამენტო უმცირესობამაც. ევროპული საქართველოს განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ქვეყანას 90-იანი წლებიდან გვერდით უდგას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.