ახალი ამბები

თბილისში დაგეგმილი ყრილობის დეტალები, რომელსაც საპატრიარქო გაემიჯნა

4 ივლისი, 2018 • 2263
თბილისში დაგეგმილი ყრილობის დეტალები, რომელსაც საპატრიარქო გაემიჯნა

6 ივლისს დაგეგმილი “ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა”, რომელსაც საპატრიარქო გაემიჯნა, რუის–ურბნისის მიტროპოლიტ იობის ორგანიზებით, ეპარქიის ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო.

რუის–ურბნისის ეპარქიის წმინდა ივლიტას და კვირიკეს ეკლესიის წინამძღვარმა გიორგი აბდუშელიშვილმა ამ ყრილობის შესახებ ისაუბრა “ტვ პირველის” ეთერით ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია”.

გიორგი აბდუშელიშვილის თქმით, მიტროპოლიტ იობთან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი ჩადიოდა და სთხოვდნენ, რომ რუის–ურბნისის ეპარქიის ტერიტორიაზე ჩაეტარებინა ყრილობა, რომელზეც ისაუბრებდნენ იმ სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე, რაც საქართველოშია.

“ჩვენ გვინდოდა, იქ ერი და ბერი ერთად მდგარიყო”, – ამბობს აბდუშელიშვილი.

აბდუშელიშვილის თქმით, ყრილობის საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის არიან: ნუკრი მჭედლიშვილი- ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი, ტარიელ ხალხელაური- პოეტი, ომარ მხეიძე – ქორეოგრაფი, თემურ ჩალაბაშვილი – მწერალი, გიგლა გობეჩია –ჟურნალისტი, მზია სულუხია – პროფესორი, კახა სიხარულიძე ლექტორი, ბექა ხუციშვილი – პოეტი, პაატა გიორგაძე – ეკონომისტი, დავით ჭაბუკაშვილი – ჰელსინკის კავშირი, გია ძოწენიძე ისტორიკოსი, გაიოზ მამალაძე – სამეფო კლუბი.

ხოლო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტის გზებიც უნდა მოეძებნათ, იყო რუსეთის მიერ საქართველოს 20%–ის ოკუპაცია, წარმოების და სოფლის მეურნებობის მძიმე მდგომარეობა, მიგრაცია და მოსახლეობის შემცირება და სხვა საკითხები.

როგორც აბდუშელიშვილი ამბობს, ამ შეხვედრის შემდეგ მიტროპოლიტი იობი ქვეყნის “პირველებმა” დაიბარეს და აუკრძალეს ამ ყრილობის ჩატარება. მათ შორის სასულიერო და საერო ხელისუფლების წამომადგენლები იყვნენ.

ამის შემდეგ ღონისძიებების ადგილმა რუისიდან თბილისში გადაინაცვლა და მიტროპოლიტმა გიორგი აბდუშელიშვილს დაავალა ამ შეხვედრის ორგანიზება. მისი თქმით, მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, რომ თუკი უწმინდესი და უნეტარესი მისცემს კურთხევას, ისიც სიამონებით დაესწრებოდა ყრილობას.

“რუის-ურბნისის ეპარქია ძალიან დიდი ეპარქიაა, ძალიან ბევრი სასულიერო პირი ჰყავს მეუფეს. მეუფის სიძლერეს და ამდენი ხალხის გაერთიანებას ერიდება მავანი და მავანი. მაგრამ ეს გაერთიანება უკვე მომხდარია და ვერავინ ვერ შეგვაშინებს. რაც შეეხება დღევანდელ საპატრიარქოს განცხადებას, ეს იყო ტყუილი. საპატრიარქო იტყუება, რასაც დღეს ამბობს. 21 მაისს როდესაც იყო სინოდის სხდომა, ამ ინიციატორებმა, საინიციატივო ჯგუფმა ეროვნული ყრილობის მიართვეს მოსაწვევები უწმინდესს და თითეოულ ეპისკოპოსს, წმინდა სინოდს. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ მათ არ იცოდნენ და ვითომ დღეს გაიგეს”, – განაცხადა წინამძღვარმა გიორგიმ.

მას სჯერა, რომ ეს განცხადება ქორეპისკოპოსმა იაკობმა და შორენა თთრუაშვილმა დაწერეს, რომლებიც მართავენ საპატრიარქოს. გიორგი აბდუშელიშვილმა განაცხადა, რომ იაკობი არაა ესპისკოპოსი, იგი ამ ხარისხში არა სინოდის სხდომაზე, არამედ პატრიარქის ტრაპეზზე აიყვანეს.

“მისთვის ხმა არ მიუცია მეუფე იობს და ძალიან ბევრ ეპისკოპოსს. მე ერთხელ მეუფეს ვკითხე, რომ როგორ გამოირჩიეთ იაკობ იაკობაშვილი, რომელიც მხედრიონში იყო, ხოცავდა ხალხს, რამდენჯერმე ნაცემი ჰყავს პირველი პრეზიდენტის მეუღლე… იაკობ იაკობაშვილი არ არის ეპისკოპოსი და ქორეპისკოპოსი, ის არის ხულიგანი და ბანდიტი… მეუფე იობმა ბრძანა, რომ ის არ არის ეპისკოპისი, მისთვის ხმა არ მიმიცია, ის გამოირჩიეს უწმინდესის ტრაპეზე რამდენიმე ეპისკოპოსმა,” – თქვა გიორგი აბდუშელიშვილმა.

3 ივლისს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ 6 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილი ქართველთა ეროვნული ყრილობა პარტიარქ ილია მეორის ლოცვა–კურთხევით არ ტარდება და იგი ემიჯნება ამ ყრილობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი