ახალი ამბები

ადვოკატი: მუხროვანის საქმის მასალებში ГРУ–ს თანამშრომლები საერთოდ არ ფიგურირებდნენ

30 იანვარი, 2014 • • 1424
ადვოკატი: მუხროვანის საქმის მასალებში ГРУ–ს თანამშრომლები საერთოდ არ ფიგურირებდნენ

“საქმის მასალებში ამაზე არაფერი საუბარი არ ყოფილა. მთელი საქმე აგებული იყო გია ღვალაძის ფარულ ჩანაწერზე, რომელიც ზღაპრებს ყვებოდა. მთელი საქმე ამაზე იყო აწყობილი”, – ამბობს ემზარ პაქსაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

გია ღვალაძე, რომელიც წარსულში უშიშროების და თავდაცვის სტრუქტურებში მუშაობდა, 2009 წელს გამართლ სასამართლო პროცესებზე ბრალდების მხარის ერთ–ერთი მთავარი მოწმე იყო. იგი ზემოხსენებულ ფარულ ჩანაწერებში რამდენიმე პირთან ერთად, რომლებიც, პაქსაძის მტკიცებით, იმ დროს პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, საუბრობს დაგეგმილი ამბოხების და ამ პროცესში კობა ოთანაძის, ლევან ამირიძის, გია კრიალაშვილის შესახებ. ღვალაძე ვიდეოჩანაწერში უცნობ პირებს პროცესში მონაწილეობას სთავაზობს და ფულსაც ჰპირდება. მისი თქმით, დაგეგმილია რუსეთიდან 5000 ჯარისკაცის შემოსვლა, გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილის, გიგი უგულავას ლიკვიდაცია, ხოლო შემდეგ ასლან აბაშიძის, ლევან მამალაძის, ლევან პირველის დაბრუნება.

2009 წელს გაზეთ ბათუმელებში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაში არც ერთ საქმეში არ არის ნახსენები რუსეთი და მასთან დაკავშირებული „ამბოხების კოორდინირებული გეგმა“. კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ამბოხების ბრალდება არ აღიარეს.

გარდა ამისა, ჯემალს პაქსაძის თქმით, ბრალი ასევე აიგო  მუხროვანში დაქოქილ ტანკზე, რომელიც საქმის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო:

“ყველაფერი ზუსტად იცოდა და დაგეგმილი იყო სააკაშვილთან. თვითონ ბრალი: ამობოხი არის აქტიური მოქმედება. დაუმორჩილებლობის დროს ბრძანებას არ ასრულებ, ამბოხების დროს რაღაც სამხედრო ტექნიკა მოქმედებაში უნდა მოიყვანო. ავტომატიანი კაცი  ამბოხებად ვერ ჩაითვლებოდა. ამისთვის იყო საჭირო ის კადრები, თუ გახსოვთ, სააკაშვილი რომ მივიდა და თავდახრილ ადამიანებს ეკითხებოდა, ის ტანკი ვინ დაქოქაო. ვითომ ეს ტანკი რომ დაიქოქა, ამაზე აიგო სწორედ ბრალი. ეს პირებიც ამიტომ გასამართლდნენ. მთელი პროცესი ამას ვკითხულობდით, რომ ვინ დაქოქა ტანკიო. ბოლოს დადგინდა, რომ იმ დღეს მართლა იყო ტანკი, ოღონდ ის დაიქოქა უფრო ადრე, გაწერილი გეგმიური შემოწმების გრაფიკის მიხედვით”.

პაქსაძის განცხადებით, ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ ამ პროვოკაციით დასაჯეს ის რამდენიმე ადამიანი, ვინც 2009 წლის 26 მაისს სამხედრო აღლუმის გამართვას მხარს არ უჭერდა.

გუშინ გავრცელებულ ვიდეოს ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს გამოეხმაურა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მას არავის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება არ გაუცია:

“მე ეს ჩანაწერი მახსოვს და თქვენ კადრებში ხედავთ, რომ ჩანაწერი კეთდება ღიად. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც საყოველთაოდ ცნობილია, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, ГРУ–ს თანამშრომლები, და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის დაფარვის მიზნით შეთქმულების მონაწილეებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ინფორმაციას ამ ორი ადამიანის პოვნის შესახებ, რათა ჩვენ დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ამის ინტერპრეტირებას, თითქოს ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მე მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადებიდან ერთ საათში ამ დანაყოფების მიერ დაკავებულ იქნა რამოდენიმეკაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი, თუ არ ვცდები, 5–7 ადამიანი, და არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი და არც ერთი მათგანი დაჭრილიც არ არის. რაც შეეხება ამ თემის მიბმას ამ დღიდან 3 კვირის თავზე ჩატარებულ ოპერაციასთან გლდანში, ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ, ამის მიბმა არის ხელოვნური, უფრო მეტიც, მე მინდა გითხრათ, რომ ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე ამ სპეცოპერაციის დროს. მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში. მე არასოდეს გამიცია ბრძანება არც ერთი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი