საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, საპატრიარქო ორ საკითხში პრივილეგირებული ვეღარ იქნება

გუშინ, 3 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კანონის ორი ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

პირველი ნორმა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის, ხოლო სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის ეს შეღავათი ხელმიუწვდომელი იყო.

მეორე ნორმა კი ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან ათავისუფლებდა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა აღნიშნულ ნორმათა გაუქმებაზე ან შეცვლაზე უნდა დაიწყოს მუშაობა და უზრუნველყოს თანასწორუფლებიანი გარემო საჯარო სამართლის ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის. საკანონმდებლო ორგანოს ამისათვის ვადა 2018 წლის 31 დეკემბრამდე აქვს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, პირველი ნორმა რელიგიური გაერთიანებისათვის პრობლემას წლების განმავლობაში წარმოადგენდა. მისი გაუქმების შემთხვევაში, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც შეეძლებათ, სახელმწიფოსგან იმ საკულტო ნაგებობების გადაცემა მოითხოვონ, რომლებიც თუნდაც საბჭოთა პერიოდში დაკარგეს. აქამდე ეს მხოლოდ საპატრიარქოს შეეძლო.

“ახლა მათ საკუთრებაში გადავა ის, რაც რეალურად მათ ეკუთვნით. განსაკუთრებით, ეს ეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ გაერთიანებებს, მაგალითად, კათოლიკურ ეკლესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და სხვ. მათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვთ, მაგრამ ეს ნორმა, რომელიც გასაჩივრებული იყო სასამართლოში, მხოლოდ ერთ ასეთს – საქართველოს საპატრიარქოს გამოყოფდა და მისთვის ითვალისწინებდა სახელმწიფო ქონების გადაცემას.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილება, რადგან საკუთრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ისინი თანაბარ პირობებში იქნებიან; დაუბრუნდებათ ის, რაც საბჭოთა პერიოდში დაკარგეს და შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა, თუმცა ის მათ ვერ უბრუნდებოდა, ვინაიდან ეს კანონი კრძალავდა საპატრიარქოს გარდა სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქონების გადაცემას”, – აღნიშნა გოცირიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

არაკონსტიტუციურად გამოცხადებული კიდევ ერთი ნორმის არსზე, რომელიც საპატრიარქოს დღგ-ისგან გათავისუფლებას მოიცავდა, “ნეტგაზეთს” “საქართველოს დემოკარტიული ინიციატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ესაუბრა. მისი თქმით, ნორმა დისკრიმინაციული იყო, ვინაიდან დამატებული ღირებულების გადასახადისგან(დღგ) მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლება ამ ინსტიტუციისთვის მომსახურების ფასსაც შეღავათიანს ხდიდა მაშინ, როცა სხვა რელიგიური გაერთიანებები აღნიშნულს მოკლებულნი იყვნენ.

(დღგ) არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც მომხმარებელი, ანუ შემძენი იხდის და ის ღირებულების 18%-ს შეადგენს.

“მარტივად რომ ვთქვათ, საპატრიარქო თუკი დაუკვეთავდა რაიმეს მშენებლობას, რესტავრაციას, ეკლესიის მოხატვას, ის თავისუფლდებოდა დღგ-ს 18%-მდე გადასახადისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იმოქმედებდა ფასზე, რომელსაც სთავაზობს მომსახურების გამწევი კომპანია საპატრიარქოს და, შესაბამისად, ფასიც იქნებოდა ბევრად ნაკლები, ვიდრე სხვა რელიგიური ორგანიზაციის შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნდა, რომ ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა, რადგან სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციას აყენებდა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ამის ნიშანი იყო რელიგია. სასამართლო დაგვეთანხმა, რომ ეს იყო რელიგიის ნიადაგზე განსხვავებული მოპყრობა, რაც წარმოადგენს ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქცევას”, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი 2018 წლის 31 დეკემბრამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, საპატრიარქოსთვის ამ დრომდე არსებული შეღავათები კანონმდებელთა გვეერდის ავლით ავტომატურად გაუქმდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან