მერიამ თბილისის გენგეგმას მხარი დაუჭირა და საკრებულოში განსახილველად გააგზავნის

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა და დოკუმენტს განსახილველად საკრებულოს გაუგზავნის.

“დოკუმენტის მთავარი ხაზი – მწვანე, შეკავშირებული და მედეგი ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული. მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტისა და პროფესიული წრეების დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული, სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მათ არაერთი შენიშვნა ჰქონდათ “სითი ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორიცელების გზებს, ეტაპებს, საკუთრების საკითხებს, რუკის დახვეწას, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან მოყვანის შესაძლებლობას.

მერმა განაცხადა, რომ მერიის “სითი ინსტიტუტისა” და პროფესიულ წრეების თანამშრომლობით ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად გაითვალისწინეს და აღმოფხვრეს.

“დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები, დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა სამშენებლო ნებართვები და გეერგეები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები. დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები. მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალურად გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოდინამიკური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალები, რომელიც გვაქვს ქალაქში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, დოკუმენტში მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა ჩატარდეს კვლევები და მიიღონ გადაწყვეტილებები. ასეთი საფრთხილო არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

გამართულ ბრიფინგზე მერმა ისაუბრა 4 ახალი საქალაქო პარკის მოწყობასა და განაშენიანების 11 ჩარჩო-გეგმაზე. მაგალითად, ლისის ტბის განაშენიანების, დიღმის, თბილისის ზღვის განაშენიანების ჩარჩო–გეგმაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com