ახალი ამბები

მერაბიშვილი: მე ГРУ-ს თანამშრომელთა გვამებს ვითხოვდი

30 იანვარი, 2014 • • 1007
მერაბიშვილი: მე ГРУ-ს თანამშრომელთა გვამებს ვითხოვდი

 

 

“მე ეს ჩანაწერი მახსოვს და თქვენ კადრებში ხედავთ, რომ ჩანაწერი კეთდება ღიად. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც საყოველთაოდ ცნობილია, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, ГРУ–ს თანამშრომლები, და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის დაფარვის მიზნით შეთქმულების მონაწილეებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ინფორმაციას ამ ორი ადამიანის პოვნის შესახებ, რათა ჩვენ დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ამის ინტერპრეტირებას, თითქოს ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მე მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადებიდან ერთ საათში ამ დანაყოფების მიერ დაკავებულ იქნა რამოდენიმეკაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი, თუ არ ვცდები, 5–7 ადამიანი, და არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი და არც ერთი მათგანი დაჭრილიც არ არის. რაც შეეხება ამ თემის მიბმას ამ დღიდან 3 კვირის თავზე ჩატარებულ ოპერაციასთან გლდანში, ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ, ამის მიბმა არის ხელოვნური, უფრო მეტიც, მე მინდა გითხრათ, რომ ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე ამ სპეცოპერაციის დროს.  მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში. მე არასოდეს გამიცია ბრძანება არც ერთი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ საქმე ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ. მისი თქმით, ყველა მასალა ამ საქმესთან დაკავშირებული არის შსს–ში და მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის.

 

“მე ამაყად შემიძლია ჩავხედო თვალებში ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახის წევრებს და ვიამაყო, რომ მომიწია ასეთ გადამწყვეტ მომენტში ასეთ გადამწყვეტ თანამდებობაზე ყოფნა და გარკვეული წვლილი შემეტანა იმისათვის, რომ დღეს საქართველო არის ერთიანი დამოუკიდებელი ქვეყანა და ნაკლებად ემუქრება საფრთხე, ვიდრე ეს დაემუქრა უკრაინას ან სხვა ჩვენს მეზობელს”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი