ახალი ამბები

უშიშროების საბჭო დევრიშაძის კომპანიის საქმეზე პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებს

4 ივლისი, 2018 • 1879
უშიშროების საბჭო დევრიშაძის კომპანიის საქმეზე პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებს

რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის ორგანიზაციისგან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე ეროვნული უშიშროების საბჭო განცხადებას ავრცელებს.

საბჭოს მდივნის თქმით, უწყებების განცხადებების, რომელთა მიხედვითაც შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურები კანონის დაცვით განხორციელდა, არ გამორცხავს მსგავსი შემთხვევების არსებობას როგორც წარსულში, ისე მომავალში. შესაბამისად, საბჭო პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მოუწოდებს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს და შესყიდვების პრაქტიკის დახვეწაზე კონკრეტული წინადადებები შეიმუშაოს.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვიუნარიანობასთან დაკვშირებულ საკითხებზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პირებთან და/ან კომნპანიებთან „კანონიერმა“ თანამშრომლობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ ნდობაზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ საზოგადოებაში სრულიად დამსახურებულად სარგებლობს და აქედან გამომდინარე, წარმოქმნას ნეგატიური დამოკიდებულება როგორც კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, ასევე, მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მიმართ”, – აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

საბჭოს განცხადებას წინ უძღოდა გუშინ, 3 ივლისს, შსს-ს მიერ პეტრე დევრიშაძის კომპანიასთან გაფორმებული ტენდერის გაუქმება. ის 105 000 ლარის ღირებულების იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტომ ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სტუდია “მონიტორმა”  და შემდეგ ტელეკომპანია”რუსთავი 2″-მა გაავრცელეს ცნობები იმის შესახბ, რომ თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანია იმარჯვებდა. 

ვინ არის პეტრე დევრიშაძე

პეტრე დევრიშაძე სპეცოპერაცია “ენვერის” დროს დააკავეს 2010 წელს. ოპერაცია “ენვერი”, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარებიდან ირკვევა, 2006 წელს დაიგეგმა და 2010 წელს განხორციელდა. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ცამეტივე მოქალაქე აჭარის მკვიდრია. დაკავებულთაგან აღიარებითი ჩვენება მხოლოდ ორმა– ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მფრინავმა გაბრიელ უსტალიშვილმა მისცა. 2011 წელს, იმავე ხელისუფლების პირობებში, რომლის დროსაც დევრიშაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იგი გათავისუფლდა. დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

დევრიშაძის დაკავებას 2010 წელს მოსკოვიდან ასლან აბაშიძის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ. ბადრი მელაძე და აჭარის ყოფილი შსს-ს მინისტრის მოადგილე, დავით ბაკურიძე პეტრე დევრიშაძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს.

პეტრე დევრიშაძე ბიზნესარენაზე აჭარის რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. მან ქალაქის ცენტრში უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. პრესისთვის ის ცნობილი 2008 წლის დასაწყისში გახდა. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და პუშკინის ქუჩის ¹13-ში მდებარე 2700 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 275 ათას დოლარად შეისყიდა. დევრიშაძემ მშენებლობის დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი