უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეს მეპატრონეები დაჯარიმდებიან – მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ღია კაფეების თვითნებური მოწყობა აღარ უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ღია ცის ქვეშ კაფის მოწყობით დაინტერესებულმა პირებმა ნებართვის მისაღებად მერიის ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ.

„ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას. მათი დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება, არაფერს ვამბობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე. ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, -აცხადებს კახა კალაძე.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი განმარტავს, რომ ღია კაფეს მოწყობის მსურველებმა მერიას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რამდენი კვადრატული მეტრი სჭირდებათ კაფეს მოსაწყობად. მიწის ფართობზე განაცხადის გაკეთების შემდეგ კაფეს მფლობელებს იჯარის გადახდა მოუწევთ. მერიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მერია არ განუსაზღვრავს, რამდენი მაგიდა უნდა დადგას იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. გიორგი ბაგრატიონის თქმით, გარკვეულ ტერიტორიაზე ღია კაფეს მოსაწყობად თბილისის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა არის საჭირო.

“ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ყველა ის ობიექტი გააფრთხილა, სადაც ღია კაფეა მოწყობილი. მათ მერიის შესაბამის სამსხურს უნდა მიმართონ. კაფეს მეპატრონეებმა უნდა მოაწესრიგონ ყველა დოკუმენტი, რასაც კანონი ავალდებულებთ. ეს მოიცავს სანებართვო და იჯარასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. მათ დაკავებული აქვთ მუნიციპალური ტერიტორია. ჩვენ ღია კაფეების წინააღმდეგი არ ვართ. უბრალოდ, ვთავაზობთ მარტივ გზას. ჩვენს სამსახურს დღემდე არცერთ ღია კაფეზე წარმოება არ დაუწყია. თუ ისინი ამ დოკუმენტაციას არ მოაწესრიგებენ, ჩვენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართვთ. ეს ზომები კი ჯარიმას გულისხმობს,”-აცხადებს გიორგი ბაგრატიონი.

მერიის ქონების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ პროცედურების მიხედვით, ბიზნესობიექტი ღია კაფეს მოწყობაზე მერიის ქონების მართვის სამსახურს მიმართავს. ისინი მერიისგან ღია კაფეს მოსაწყობად ტერიტორიას იჯარით იღებენ. ქონების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ღია კაფეს ნებართვის გაცემის საკითხი, გარკვეულ შემთხვევებში, არქიტექტურის სამსახურთანაც თანხმდება.

“არქიტექტურის სამსახურთან იერსახის შეთანხმება ხდება. ღია კაფეს მოწყობის მსურველმა ფოტომონტაჟი უნდა წარმოადგინოს, სადაც ნაჩვენები იქნება, რა ტიპის მაგიდა და სკამები იქნება ტერიტორიაზე განთავსებული. ასევე, მითითებული უნდა იყოს გასავლელი გზის შესახებ ინფორმაცია,”-აცხადებენ ქონების მართვის სამსახურში.

თბილისში იჯარის თანხა ტერიტორიის მიხედვით განსხვავებულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.