ახალი ამბები

სასამართლომ ზუგდიდის ციხის ოთხ ყოფილ თანაშრომელს პატიმრობა შეუფარდა

4 ივლისი, 2018 • 1215
სასამართლომ ზუგდიდის ციხის ოთხ ყოფილ თანაშრომელს პატიმრობა შეუფარდა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო. მათ ბრალი პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დაადგინა, რომ 2008-2012 წლებში პატიმრების დაშინების მიზნით ციხის თანამშრომლები მათ სისტემატიურად უსწორდებოდნენ.

“ზუგდიდის N4 დაწესებულებაში შესახლებისას  ძალადობრივი მეთოდებით  უსწორდებოდნენ ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

პატიმრებს ასევე უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათსასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანს 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თმცა “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე სასჯელი 3 წლამდე და 6 თვემდე შეუმცირდათ. მსჯავრდებულებს ასევე 2 წლითა და 3 თვით საჯარო სამასხურში თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.

სასამართლო განხილვისას, ჯამში, 70-მდე ყოფილი მსჯავრდებული დაიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი