ახალი ამბები

საია: მერაბიშვილის დავალება სპეცრაზმელებისადმი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

30 იანვარი, 2014 • • 998
საია: მერაბიშვილის დავალება სპეცრაზმელებისადმი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

“ივანე მერაბიშვილის მიერ სპეცრაზმელებისათვის მიცემული დავალება აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ვიდეომასალის ავთენტურობის გარკვევის შემდეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ როგორ დაიგეგმა მუხროვანის სპეცოპერაცია, როგორ მოხდა მისი განხორციელება და წინასწარ იქნა თუ არა მიზნად დასახული რომელიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

“საია” მიუთითებს ვანო მერაბიშვილის სიტყვებზე: ,მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო, პრემია დიდია.“ 

 

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ვიდეოში ვანო მერაბიშვილის გარდა, თანამდებობის სხვა პირებიც, მათ შორის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩანან. გამოძიება უნდა დაინტერესდეს მათი ბრალეულობის საკითხითაც, მიიჩნევს ‘საია”.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირის სიცოხლის მიზანმიმართული ხელყოფა, რომ ნებისმიერი სპეცოპერაციის მიზანი უნდა იყოს შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილება.

 

“პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული სპეცოპერაციის მიზანი უნდა იყოს შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილება. დაუშვებელია, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა სპეცოპერაციის მიზანს წარმოადგენდეს”,- ნათქვამია განცხადებაში. 

 

29 იანვარს youtube-ზე appolon osman-ის სახელით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი