ახალი ამბები

გიგი უგულავას განმარტებები მუხროვანის სპეცოპერაციის ვიდეოზე

30 იანვარი, 2014 • • 1529
გიგი უგულავას განმარტებები მუხროვანის სპეცოპერაციის ვიდეოზე

“პირველ რიგში, მე საზოგადოებას მინდა შევახსენო, რა იყო მუხროვანის ამბოხი და მისი ორგანიზატორები. მისი ორგანიზატორები იყვნენ კრიალაშვილი და ოთანაძე, რომლებსაც ანალოგიური ამბოხი და ამაზე საზოგადოებრივი კონსესუსი არსებობდა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროსაც, როდესაც მათ პირველი ამბოხი მოაწყვეს.

 

როდესაც ნატოს დელეგაცია ჩამოდიოდა საქართველოში, სწორედ რუსების და რუსების სპეცსამსახურების დავალებით, მაშინ, როდესაც თბილისში კრიზისი იყო, გახსოვთ, ქუჩებში საკნები იდგა, სწორედ ამ ფონზე და ამის ვიდეო და აუდიო უამრავი დამადასტურებელი მასალა აქვს საზოგადოებას ნანახი, რომ სწორედ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, ამ ორი ადამიანის მეთაურობით, მოეწყო ამბოხი. ყველა შემდგარი სახელმწიფო, ბუნებრივია, მოქმედებს შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში სამხედრო ამბოხია.

 

იმ კონკრეტულ ვითარებაში გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს მინიმალური მსხვერპლით დასრულებულიყო, არ გადაზრდილიყო ძმათამკვლელ დავიდარაბაში და ომში და არ ჩავვარდნილიყავით ჩვენ 90-იან წლებში.

 

რაც შეეხება მეორე კონკრეტიკას, იმ კონკრეტულ ადგილას მე აღმოვჩნდი, თუ ზუსტად მახსოვს, პრეზიდენტთან ერთად, ან რამე ღონისძიება იყო მანამდე, ან რამე ღონისძიებაზე მივდიოდით. ეს ამბავი როცა შევიტყვეთ, ამაზე მეტყველებს თუნდაც პრეზიდენტის და ჩემი იმ ადგილისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა.

 

მესამე ასპექტი, იმ კონკრეტული დაგეგმვისას, ბუნებრივია, ოპერაციას მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. მერაბიშვილი იყო მარტო სპეცრაზმელებთან და სამხედროებთან ერთად. მე მოვისმინე სხვადასხვა კომენტარი, რომ ხელოვნურად უნდოდათ სააკაშვილი იმ დაგეგმარებაში შეეტენათ იმისათვის, რომ მერე საქმე შეტენონ.

 

და ბოლო და მთავარი – ვინც იცნობს მერაბიშვილს და მერაბიშვილის ლაპარაკის არცთუ ისე გრამატიკულად დახვეწილ საუბარს, ადვილად გაარჩევს, მიუხედავად იმისა, რომ უდავოა, რომ ეს კადრები გავრცელებულია პროკურატურის მიერ, და შსს-ს და მთავრობის დავალებით, იქიდანაც ძალიან კარგად ჩანს, როდესაც საუბრობს მერაბიშვილი – ჯერ დაჭერაზე და დაკავებაზე ორი პიროვნების და შემდეგ როდესაც საუბარია თეორიულად გვამებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, სპეცრაზმელებს აძლევს დავალებას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიმიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ და მათ შორის, როცა ტერორისტული აქტია და ამბოხია და როდესაც შეიარაღებული წინააღმდგობაა, აქ სპეცრაზმელებს აქვთ ლიკვიდაციის უფლება და ეს უფლება აქვს სპეცრაზმელებს ყველა ქვეყანაში და ანალგიურ გაფრთხილებას და დავალებას ნებისმიერი ხელმძღვანელი აძლევს იმიტომ, რომ სპეცრაზმელებმა იმოქმედონ თავისუფლად და ხელმძღვანელებმა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რომ ეს ასეა, შემდგომ განვითარებული მოვლენებიდანაც ჩანს.  

 

იმ კონკრეტულ მომენეტში, როცა ეს საუბარია, ადგილზე სიტუაცია უკვე არის განმუხტული, ეს ორი პიროვნება არის მიმალვაში, ხორციელდება ოპერატიული ძებნა და, მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ეს ორი პირი ცდილობდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ანუ საქართველოს მთავრობის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას, მოხდა მათთან შეტაკება. რამდენადაც მე მახსოვს, სპეცრაზმელებიც დაშავდნენ და ორი ადამიანიდან ერთის ლიკვიდაცია ადგილზე მოხდა და მათ გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, ხოლო მეორე დაიჭრა და თვითმიზანი რომ ყოფილიყო და დავალება რომ ყოფილიყო, თავისთავად ცხადია, ის დაჭრილიც ვერ გადარჩებოდა. დაჭრილ ოთანაძეს საქართველოს სახელმწიფომ უმკურნალა და ბოლო დრომდე იყო პატიმარი. მას ჰქონდა მისჯილი სამხედრო ამბოხებაში მონაწილეობა და მეთაურობა, ხოლო ამ მთავრობამ ეს კაცი ყოველგვარი შესწავლის გარეშე გამოუშვა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით და დღეს ის ლადო ბედუკაძესთან და სხვა მსგავს პირებთან ერთად ფოტოსესიით არის დაკავებული.

 

რაც შეეხება თავად – რატომ ხდება ეს ყველაფერი დღეს, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ თებერვლის ბოლოს გადის ვანო მერაბიშვილის 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, სახეზე უნდა დადგეს განაჩენი წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ არის ინკრიმინირებული. როგორც ჩანს, პროკურატურას ბოლომდე არ აქვს იმედი იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ეს საქმეები არის ძალიან სუსტი, შესაბამისად, პირველი ამოცანა არის ახლა მძიმე ფონის შექმნა მერაბიშვილთან დაკავშირებით და მეორე – თუ არ იქნება და, როგორც ჩანს, შეიძლება არ იყოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც ახალაიას შემთხვევაში, ასევე, შეთითხნიან საქმეს, მოითხოვენ წინასწარ პატიმრობას და ის ცხრათვიანი პატიიმრობა დაიწყება თავიდან ყოველგვარი კანონის და კონსტიტუციის გარეშე. სხვა ახსნა ამას არა აქვს და მეორე, რაც ყველაზე დასანანია, ჩვენთვის ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში არც ერთმა სპეცრაზმელმა სამხედრომ არ იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. ყოველი ასეთი გადადგმული ნაბიჯი, ყოველი ასეთი ისტერიკა, რომელიც პოლიტიკური ოპონენეტის გაშავებისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული და არა სიმართლის დადგენისათვის, ემსახურება, სამწუხაროდ, იმას, რომ შემდგომში ჩვენ გავხდეთ უუნარო სახელმწიფო და ნუ ჰგონია მთავროაბს, რომ ჩვენ ვართ ფინეთსა და ნორვეგიას შორის და ეს გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშეც ვიდექით, მე ვგულისხმობ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ხვალ და ზეგ არ აფეთქდება. სამწუხაროდ, გვექნება, მაგრამ ვიქნებით განიარაღებულები და სპეცრზამიც აღარ შეასრულებს არანაირ დავალებას,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

ვიდეომასალაზე, რომელიც გუშინ გავრცელდა, ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

 

 

 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც. 

 

 

 

ვიდეომასალის ავთენტურობა დადგინილი არ არის. აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება.

 

 

 

მუხროვანში „სრულმასშტაბიანი“ სამხედრო ამბოხების გეგმის ჩაშლის და ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე წინა ხელისუფლებამ 2009 წლის 5 მაისს განაცხადა. სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იქნა გენერალი გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა კობა ოთანაძე.

 

 

 

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. 41 განსასჯელიდან მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს – ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს – 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს – შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

 

 

 

მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს – კახა კობაიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის გადახდა დაავალა; პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, დავით სულხანიშვილს –  სამწლიანი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარის ჯარიმა. ორივეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი. MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს, ზურაბ ჩალათაშვილს, 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედროს, ზურაბ ბზიშვილს – 9-წლიანი პატიმრობა.

 

 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, მუხროვანის საქმისთვის მსჯავრდებულები პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლდნენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი