ახალი ამბები

ბრიტანეთში გეების “განკურნების თერაპიას” საბოლოოდ აკრძალავენ

3 ივლისი, 2018 • 3358
ბრიტანეთში  გეების “განკურნების თერაპიას” საბოლოოდ აკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ე.წ. გეების მკურნალობის თერაპია აიკრძალება. BBC-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა განკარგულების გამოცემას შესაბამისი გეგმის ფარგლებში აპირებს, რომელიც ლგბტ ადამიანებისათვის ცხოვრების გაუმჯობესებას გულისხმობს.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას წინ მასშტაბური კვლევა უძღოდა, რომელშიც მონაწილეობა ლგბტ თემის 108 000-მა წარმომადგენელმა მიიღო. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულთა 2%-ს ე.წ. განკურნების თერაპია გაუვლია, 5%-სთვის კი აღნიშნული პრაქტიკა შეუთავაზებიათ.

როგორც მთავრობის 75-პუნქტიან გეგმაში წერია, სახელმწიფო გამოიყენებს როგორც საკანონდებლო, ისე არასაკანონმდებლო საშუალებებს, რათა აღკვეთოს როგორც “თერაპიის” შეთავაზება, ისე ხელშეწყობა და ჩატარება.

ე.წ. გეების მკურნალობის თერაპია სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების ერთობლიობაა, რომლის მიზანი ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის შეცვლაა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, “თერაპია” მოიცავს არაერთ მეთოდს, დაწყებული ფსევდოფსიქოლოგიური პროცედურებით დამთავრებული “სასულიერო კონსულტაციებით”.

BBC-სთან საუბარში ე.წ. “თერაპიასთან” დაკავშირებული გამოცდილება ინგლისის ეკლესიის სინოდის წევრმა, ჯეინ ოზანემაც გაიხსენა. ლესბოსელმა სასულიერო პირმა და აქტივისტმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროცედურას მაშინ მიმართა, როცა ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ განსხვავებული ორიენტაცია ცოდვას წარმოადგენდა. ამჟამად ოზანე ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად იბრძვის.

“მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს სერიოზულ ტრავმებს იწვევს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იტანჯება მენტალურად, საკუთარ თავს აყენებენ ზიანს, ამის შედეგად აქვთ სუიციდისაკენ მიდრეკილება, რადგან ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა ეს[თერაპია] არ მუშაობს”, – აღნიშნა მან.

მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი მრავალი სამედიცინო თუ სამეცნიერო საზოგადოების დასკვნით, ე.წ. თერაპიას არანაირი მეცნიერული საფუძველი არ აქვს. მას უშედეგოდ და ადამიანისათვის საზიანოდ მიიჩნევენ ისეთი გავლენიანი და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციები, როგორებიც არიან “ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია”, ბრიტანეთის “ჯანდაცვის ეროვნული სამსახური”, “ავსტრალიის სამედიცინო საზოგადოება” და სხვა.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოში მსგავს პროცედურებს კანონი არ არეგულირებს. “ქალთა საინიციატივო ჯგუფის” წევრის, ეკატერინე აღდგომელაშვილის თქმით, “ორიენტაციის შეცვლისა” და სხვა მსგავსი მცდელობები საქართველოშიც ფიქსირდება. ექიმებს ძირითადად მშობლები აკითხავენ შვილების იძულებითი მკურნალობის თხოვნით.

“ჩვენთან ეს საკითხი კანონით რეგულირებული არ არის. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო სარგებლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკატორით. რაკი ამ კლასიფიკატორით 1990 წელს ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღეს, ბუნებრივია, ჩვენთანაც, ისევე როგორც ზოგადად, რაც დაავადება არ არის, იმას ვერ უმკურნალებ.

ჩვენთანც აქვთ ასეთი მცდელობები იმის გამო, რომ ბევრს ჰგონია, რომ ეს დაავადებაა. მშობლებს აქვთ ხოლმე მცდელობები ხან ფსიქოლოგთან, ხან ენდოკრინოლოგთან შვილების წაყვანისა და იძულებითი მკურნალობისა. სამწუხაროა, რომ ვერც ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვერ მივიყვანეთ იქამდე, რომ გვეჩივლა, რადგან ადამიანებმა არ მოინდომეს ეს”, – აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რატომ არ კრძალავს კანონი მსგავს პროცედურებს იმ სახელმწიფოებშიც, სადაც ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა მაღალ სტანდარტზეა? – ეკატერინე აღდგომელაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კონკრეტული ქვეყნის პრაქტიკაზეა დამოკიდებული:

“მსგავსი გადაწყვეტილებები ყოველთვის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ინგლისში იძულებული გახდნენ, რომ გენიტალიების დასახიჩრებაზეც მიეღოთ კანონი, რადგან გამოჩნდა, რომ მიგრანტები იმ ქვეყნებიდან, სადაც ასეთი წესი იყო გავრცელებული, აქაც პოულობდნენ ისეთ ექიმებს, რომლებიც ვითომდა სტერილურ გარემოში ატარებდნენ ამ პროცესს.

თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ ვითარებაში საქმე არ გვაქვს ერთსა და ორ შემთხვევასთან და ამას უკვე პრაქტიკის სახე ეძლევა, რა თქმა უნდა, მან უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი