ახალი ამბები

სად იდგა მ.კ. სარალიძის დაჭრისას – პროკურორისა და გამომძიებლის წინააღმდეგობრივი ჩვენებები

3 ივლისი, 2018 • 2749
სად იდგა მ.კ. სარალიძის დაჭრისას – პროკურორისა და გამომძიებლის წინააღმდეგობრივი ჩვენებები

შსს-ს გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას თქმით, ხორავაზე მომხდარი ჩხუბის დაწყებისას, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, მ.კ. ფარდულთის სიახლოვეს, 1-2 მეტრში იდგა. მ.კ. ხორავაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა, რომელსაც მოკლული დავით სარალიძის მამა ბრალს დებს შვილის მკვლელობაში.

ფიფიას თქმით, გამოძიების ვერსიით, ფარდულთან მ.კ. ჩხუბის დაწყებამდეც იმყოფებოდა, რაც პროკურორის, ზვიად ფხაკაძის მიერ კომისიისთვის მიცემულ ჩვენებას ეწინააღმდეგება. ფხაკაძემ განაცხადა, რომ იმ დროს, როცა დათო სარალიძე ფარდულში დაჭრეს, მ.კ. ამ ადგილიდან 8-9 მეტრის მოშორებით იდგა.

დეპუტატების კითხვას, არის თუ არა მცდარი პროკურატურის ვერსია, გამომძიებელმა განაცხადა, რომ არ იცის, რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა სასამართლო პროცესზე და ფიქრობს, რომ ფხაკაძის განცხადება სწორედ სასამართლოში მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარეობს.

“8-9 მეტრის მოშორებით რომ უყურებდა, ასეთი ჩვენება ჩვენ არ გვაქვს” – ამბობს ირაკლი ფიფია.

“რაც შეეხება პროკურორ ფხაკაძის განცხადებას, ამ ერთი ეპიზოდით ვერ შევაფასებ, რა იგულისხმა. შეიძლება საერთოდ ინიციალების შეცდოდმა იყოს, აქ არ ჩანს, ამას პროკურორი გამოძიების სტადიაზე მოპოვებული ჩვენებებით ახდენს, თუ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით”, – აცხადებს შსს-ს  თბილისის პოლიციის დეპრარტამენტის უფროსი შალვა ბედოიძე.

თუ როგორია პროკურატურის ვერსია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე:

რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით

მასალების გადაბეჭდვის წესი