ახალი ამბები

ნუგზარ წიკლაური განმარტავს, ვის გულისხმობდა მერაბიშვილი ორ გვამში

29 იანვარი, 2014 • • 1358
ნუგზარ წიკლაური განმარტავს, ვის გულისხმობდა მერაბიშვილი ორ გვამში

“იმ შემთხვევაში, თუ ეს ვიდეო არის ნამდვილი, მე ამასთან დაკავშირებით მაქვს მოსაზრება. არ ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე უფრო საუკეთესო გამონათქვამი, რაც მომისმენია, მაგრამ ეს ორი ადამიანი, გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ მაშინ. 


გახსოვთ, 2009 წლის გაზაფხულზე საქართველოში განხორციელდა სამხედრო შეიარაღებული ამბოხი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაშინ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება იმ საფრთხის ნეიტრალიზების, რომელიც მომდინარეობდა ამ სამხედრო ამბოხის შედეგად. ყველანი ნათლად ვხედავდით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეაბოხეთა მიზნები იქნებოდა ასრულებული, ჩვენ მივიღებდით სისხლიან ქაოსს ქვეყანაში, რაც იქნებოდა მსგავსი 90-იანი წლების მოვლენების. თვითონ ამ ოპერაციის დღეს, როდესაც გათავისუფლდა მუხროვანის სამხედრო ბაზა, არავითარი მსხვერპლი იქ არ ყოფილა და ორი მძიმედ შეიარაღებული სამხედრო მეაბოხე, ესენი იყვნენ ბატონები- კრიალაშვილი და ოთანაძე, გაიქცნენ იქიდან მძიმე შეიარაღებით, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ოპერაცია. ისინი ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ასევე, განსაკუთრებით პოლიციელებისთვის, და როდესაც დაადგნენ კვალზე, იქ მოხდა შეიარაღებული შეტაკება, რა დროსაც კრიალაშვილი გარდაიცვალა, ხოლო ოთანაძე დაიჭრა, რომელსაც მაშინვე გაეწია სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა ციხიდან. 

 

საუბარი იმაზე, თითქოს ვინმემ გასცა წინასწარ ბრძანება, რომ უპირობოდ მომხდარიყო ამ ადამიანების ლიკვიდაცია, არის უსინდისო ტყუილი. როდესაც მერაბიშვილი საუბრობს, იმ დროს საფრთხე უკვე აღარ არსებობს მუხროვანში,”- ამბობს წიკლაური. 


ვიდეომასალაში, რომელიც youtube-ზე appolon osman-ის სახელით გავრცელდა, ჩანს ყოფილი შსს და პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. 

 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც. 

 

ვიდეომასალის ავთენტურობა დადგენილი არ არის და მის შესწავლას მთავარი პროკურატურა გეგმავს.


მასალების გადაბეჭდვის წესი