ახალი ამბები

Myvideo საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანსლირების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

3 ივლისი, 2018 • 3912
Myvideo საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანსლირების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Myvideo.ge სასამართლოში გაასაჩივრებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) გადაწყვეტილებას პორტალისთვის პირველი და მეორე არხის ტრანსლირების შეწყვეტის თაობაზე.

GNCC-მ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მარეგულირებელს Myvideo.ge-ზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას პირველი და მეორე არხის ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ მოთხოვნის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პორტალს არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ არხების სრულად, დაუყოვნებლივ გათიშვა დაავალა. გადაწყვეტილება კომპანიაში დისკრიმინაციულად მიაჩნიათ:

“კანონით Myvideo არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, როგორიც არის მაგთი TV, სილკ TV და ასობით სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია. არცერთ მაუწყებელს, მითუმეტეს, საზოგარდოებრივს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება და რომლის პირდაპირი მოვალეობაა მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონის მიხედვით არ აქვს უფლება, მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება რომელიმე ცალკეული ტრანზიტორისათვის. ზუსტად აქედან გამომდინარეობს მათი მოთხოვნის დისკრიმინაციულობა” – ვკითხულობთ Myvideo.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას, მაუწყებელში აცხადებენ, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია).

შესაბამისად, FIFA-ს რეგულაციების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს,  მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე განახორციელოს ჩემპიონატის ტრანსლაცია. ამავდროულად, დაემორჩილოს კონტრაქტით ნაკისრ მკაცრ ვალდებულებებს (ტრანსლაციის ფარგლებში რეკლამის განთავსება, საქართველოს გარეთ სიგნალის გადაცემის შეზღუდვა და ა.შ.)

“აღნიშნული საკითხის შესახებ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, Myvideo.ge-მ დაუყოვნებლივ  უნდა შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი გაურკვეველი წყაროდან, განახორციელოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალის ტრანზიტი (შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ) მოდიფიცირების გარეშე, უცვლელად, რადგან პირველი არხი თავად განსაზღვრავს სხვადასხვა პლატფორმაზე საკუთარი კონტენტის მიწოდების პირობებს არადისკრიმაციული მიდგომის პრინციპის დაცვით” – ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი