ახალი ამბები

ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას შეხვდება

3 ივლისი, 2018 • 1984
ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე შს მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდებიან.

როგორც ნესტან ლონდარიძე ჟურნალისტებთან საუბრობს, შეხვედრის დროს ისინი რამდენიმე საკითხს დააყენებენ, მათ შორის:

“ჩვენ ამ შეხვედრის ფორმატში დავაყენებთ საკითხს, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას. რაც შეეხება მ.კ- ს ქმედებას, ვფიქრობ, რომ მის ქმედებასაც უნდა მიეცეს კვალიფიკაცია. უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, მე სახელობით არ ვისაუბრეობ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვითხვოთ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც მიიღო მონაწილეობა მომხდარში, მათ შორის მ.კ-ს,” – განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა ზაზა სარალიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მთავარი მოთხოვნა მ.კ-ს დაკავებაა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისინი განიხილავენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებსაც. ლონდარიძის თქმით, აღნიშნულ რეკომენდაციებში არაერთი მოწმე თუ მტკიცებულება სახელდება, რაც ნათლად ადასტურებს რიგი ადამიანების ბრალეულობას.

უკვე მეორე დღეა, რაც ზაზა სარალიძე ორთაჭალაში, შსს-ს შენობის ეზოში აქციას მართავს. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ის მთელი ღამე შსს-ს ეზოში იმყოფებოდა, საიდანაც არავინ გამოსულა მასთან სასაუბროდ. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოც. სარალიძე შსს-ს შენობის ეზოს დატოვებას არ აპირებს მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ.

დღეს, 3 ივლისს, 19:00 საათზე  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი