ახალი ამბები

საპატრიარქო სპორტის სასახლეში დაგეგმილ “ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას” ემიჯნება

3 ივლისი, 2018 • 2705
საპატრიარქო სპორტის სასახლეში დაგეგმილ “ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას” ემიჯნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ემიჯნება 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში დაგეგმილ “ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას”.

საპატრიარქოს განცხადებით, ყრილობა მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას:

“ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე გაკეთდა  განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის ა.წ.  2 ივლისს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკური ხასიათის ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვერ იქნება. მათი განცხადებით, ეს არის  საერო პირთა საქმე და მათი გადასაწყვეტი, მიიღონ მასში მონაწილეობა თუ არა.

ინფორმაცია ყრილობის ჩატარების შესახებ “პირველმა რადიომ” გაზეთ “ასავალ-დასავალზე” დაყრდნობით გაავრცელა. გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი აბდუშელიშვილი აცხადებს, რომ ყრილობა 2018 წლის 6 ივლისს,18 საათზე, მიტროპოლიტი იობის კურთხევით ჩატარდება:

“მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, სპორტის სასახლეში გაიმართება ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა. მეუფე იობი ყრილობის ჩატარების საინიციატივო ჯგუფს- ეროვნულ საბჭოს დაჰპირდა, რომ შეიმუშავებს აღთქმის ტექსტს, რომელსაც ყრილობაზე წაიკითხავენ ! ამის შემდეგ თითოეული ქართველი ღმერთის, ქართველი ხალხის, ერისა და ბერის ჯინაშე აღთქმას დადებს! ყრილობის სათავეებთან ჩვენი ერის ღირსეული შვილები დგანან-ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, პროფესორი პაატა გიორგაძე, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, პროფესორი მზია სულაძე, გიგლა გობეჩია, ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი და სხვა. ყრილობაზე იქნება სჯა-ბაასი ქვაყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, თუ რატომ ვართ ამ დღეში, ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი და ა.შ. “- აცხადებს წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი