NGO სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას მოითხოვს

კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” დღეს, 3 ივლისს, გამართულ შეხვედრაზე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვა. მათი განცხადების მიხედვით, ამჟამად არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი პროფესიონალიზმის კანდიდატურის შერჩევას.

კოალიციის თქმით, დღეს არსებული წესი, რომლის მიხედვითა,ც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატს იუსტიციის მინისტრი ასახელებს, გულისხმობს, რომ ამ პროცესში პოლიტიკური მონაწილეობა მაღალია.

“როგორც იცით, მიღებულია კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს რამდენიმე თვეში და სწორედ ამ მომენტს უკავშირდება პროკურატურის სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება. დღეს პროკურატურა კვლავ რჩება იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ და იუსტიციის მინისტრს კვლავ აქვს ძალიან ფართო უფლებამოსილება ამ სამსახურთან მიმართებით. თუმცა კონსტიტუციური რეფორმა მთლიანად ცვლის პროკურატურის სისტემას და მათ შორის, მთავარი პროკურორის შერჩევის წესს,” – აცხადებს კოალიცია.

მათივე განცხადების მიხედვით, თუკი დღეს მთავარი პროკურორი არსებული ხარვეზიანი წესით ექვსი წლის ვადით შეირჩევა, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ამ ინსიტიტუციის გაჯანსაღებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

“ამიტომ კოალიციის პოზიციაა, რომ გაჩერდეს მიმდინარე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, დაიწყოს საპროკურორ საბჭოს რეფორმირება  და მხოლოდ რეფორმის შემდგომ მოხდეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, ” – აღნიშნავს კოალიცია.

გარდა ამისა, მოთხოვნების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შემდეგ საბჭოში აღარ იყვნენ პოლიტიკური პირები.

“იუსტიციის მინისტრი აღარ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს წევრი ისევე, როგორც დეპუტატები აღარ უნდა იყვნენ საბჭოში. დეპოლიტიზებულმა ორგანომ უნდა შეარჩიოს ნეიტრალური, კვალიფიციური, მაღალი მორალური სტანდარტების მქონდე კანდიდატი. ჩვენ ამ პროცესში მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს, გააჩეროს დაწყებული პროცესი, დავიწყოთ მუშაობა საპროკურორო საბჭოსა და პროკურატურის სისტემის რეფორმირებაზე და ამის შემდეგ მოხდეს მთავაირ პროკურორის შერჩევა ახლა გამართული წესით,” .

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აქ. სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს თეა წულუკიანის გადადგომა. როგორც მაშინ მათ განაცხადეს, ორგანიზაციები არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან