“ქართული მარშის” ორ წევრს სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

ე.წ. ქართული მარშის ორ წევრს, ლუკა ნაცვლიშვილს და გიორგი ონიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობიდან 7 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის შეცვლაზე სასამართლომ გუშინ, 2 ივლისს იმსჯელა.

გიორგი ონიანს ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილს გამოძიება ედავება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ე.წ. ქართული მარშის დანარჩენი დაკავებული წევრები, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს 7 ივნისს გაათავისუფლა. მასთან ერთად გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ ე.წ. ქართული მარშის კიდევ 4 წევრი გაათავისუფლა.

ე.წ. ქართული მარშის წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. ბრალდებულები სამი თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.