ახალი ამბები

პროფკავშირი საწარმოებში მუშების დაღუპვის გამო შეშფოთებულია

29 იანვარი, 2014 • • 1015
პროფკავშირი საწარმოებში მუშების დაღუპვის გამო შეშფოთებულია

“მარტო ბოლო ერთ კვირაში სამთო მრეწველობისა და ქიმიურ სექტორში ორი საწარმოო შემთხვევა სასიკვდილო შედეგით დასრულდა, რის გამოც საქართველოს პროფკავშირები შეშფოთებას გამოთქვამს.


გუშინ, 28 იანვარს, ტყიბულის ნახშირმომპოვებელი მინდელის მაღაროს დირექტორის მოადგილე მოპოვების დარგში, 51 წლის ტარიელ ქასრაშვილი ვაგონებს შორის მოჰყვა, რის შედეგადაც თავის ქალა დაუზიანდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


მიმდინარე წლის 22 იანვარს კი, რუსთავის ქიმიურ ქარხანაში, რომელსაც ოპერირებს კომპანია შპს “რუსთავის აზოტი”, ქარხნის თანამშრომელი ომარ ქავთარაძე სამუშაო პროცესის დროს დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და თავის არეში სასიკვდილო ტრავმები მიიღო, რის შედეგადაც 24 იანვარს გარდაიცვალა.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსთავის ქიმიურ ქარხანაში და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი მორიგი ტრაგიკული შემთხვევების გამო და უთანაგრძნობს დაღუპულების ოჯახებს. საქართველოს პროფკავშირები ასევე კატეგორიულად მოითხოვს უბედური შემთხვევების  მიზეზების დამდგენ კომისიებში ჩართვას, დამნაშავეთა დასჯას და დაღუპულთა ოჯახებისთვის ღირსეული კომპენსაციის გადახდას.


სამწუხაროა, რომ 2014 წელიც დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაღუპვით დაიწყო. ეს ტრაგიკული შემთხვევები კიდვე ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ საჭირო და აუცილებელია შრომის ინსპექციის აღდგენა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი