ახალი ამბები

თბილისის დიდ ნაწილს წყალი მილსადენზე ფარული ავარიის გამო არ მიეწოდება

29 იანვარი, 2014 • • 1225
თბილისის დიდ ნაწილს წყალი მილსადენზე ფარული ავარიის გამო არ მიეწოდება

კომპანიის ინფორმაციით, დაზიანება სანზონის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსთან გამავალ 900 მმ-იან  მაგისტრალურ მილზე მოხდა, თუმცა ტექნიკურმა ჯგუფმა თავდაპირველად ავარიული მილსადენის აღმოჩენა ვერ შეძლო, ამის გამო წყლის მიწოდებაზე შეზღუდვები ამ დრომდე გრძელდება:

 

 

იმის გამო, რომ დაზიანება ფარული იყო, კომპანიის ტექნიკურ სამსახურს ჯერ საძიებო სამუშაოების ჩატარება მოუხდა, შემდეგ სადიაგნოსტიკო ჯგუფმა ავარიის ხარისხი დაადგინა. დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, აუცილებელი გახდა წყალსადენის 900 მმ-იანი ქსელისა და ასევე, სხვა დიამეტრის ქსელების წლისგან დაცლა, რამაც თბილისის გარკვეული არეალისთვის გუშინ, საღამოს 7 საათიდან  წყალმომარაგების შეწყვეტა, რიგი ქუჩებისთვის კი წყლის დაბალი წნევით მიწოდება გამოიწვია.  ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება თემქის XI და მუხიანის III-IV მიკრორაიონებს, დიღმის მასივს, ლუბლიანას ქუჩას, ნაძალადევის რაიონის ქუჩებს, სანზონის დასახლების ნაწილს, ლოტკინს, თამარ მეფის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს, ელიასა და ავლაბრის ნაწილს. წყალს დაბალი წნევით  იღებს  წერეთლისა და დავით აღმაშენებლის გამზირები და მათი მიმდებარე ქუჩები”, – აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”. 


მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების აღდგენა დღეს, 20:00 საათიდან დაიწყება და ღამის საათებში წყალს ყველა გათიშული უბანი ნორმალურ რეჟიმში მიიღებს.


ორგანიზაციაში “ნეტგაზეთს” ასევე განუცხადეს, რომ არ არის გამორიცხული, პრობლემები მოსალოდნელმა ძლიერმა ყინვებმაც გამოიწვიოს:

 

“მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომზადებული შეხვდა ზამთარს და წლის მანძილზე ჩატარებული აქვს ყველა აუცილებელი თუ გეგმური საპროფილაქტიკო სამუშაოები წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებსა და სათავო ნაგებობებზე, წყალმომარაგების მოულოდნელად შეწყვეტის მიზეზი მაინც შეიძლება გახდეს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, რაც ცუდ ზემოქმედებას ახდენს  როგორც თბილისის ტერიტორიაზე, ასევე არაგვის ხეობაში განთავსებულ სათავო ნაგებობების ფუნქციონირებასა და ამ ტერიტორიებზე გამავალ მიწისქვეშა კომუნიკაციებზე”, – აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”. მათივე განმარტებით, ტემპერატურის ცვალებადობა ყველა ტიპის მასალისგან, განსაკუთრებით კი თუჯისგან დამზადებული მილების ქსელი შეიძლება დააზიანოს.

 

Georgian Water and Power
Georgian Water and Power

 



მასალების გადაბეჭდვის წესი